20 ნოემბერი 2026,   15:25
ვრცლად
საკმაოდ მძიმე და ტრაგიკული მოცემულობაა ევროკავშირის მიდგომების თვალსაზრისით - რის გარშემოც ეს გაერთიანება იქმნებოდა, პრაქტიკულად, უკვე ნიველირებულია - დავით მათიკაშვილი

ევროკავშირში წევრობა ხმის უფლების გარეშე - ბრიუსელი გაფართოების წესებს ცვლის და მომავალ წევრებს 10-წლიან გამოსაცდელ ვადას უწესებს. სრულუფლებიანი წევრობის ნაცვლად, კანდიდატ ქვეყნებს შესაძლოა 10-წლიანი შეზღუდვების პირობებში მოუწიოთ ევროკავშირში ყოფნა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ეს პერიოდი 15 წლამდე გახანგრძლივდება.

"ევრონიუსის" ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩები ირლანდიის ინიციატივით შემუშავებულ ახალ მექანიზმზე უკვე შეთანხმდნენ. ბრიუსელის მთავარი ამოცანა გაფართოების პროცესისგან პოლიტიკური რისკების დაზღვევაა - ევროკავშირს არ სურს, საკუთარ რიგებში განსხვავებული პოზიციების მქონე ქვეყანა მიიღოს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, რის გარშემოც იქმნებოდა ევროკავშირის გაერთიანება, პრაქტიკულად, უკვე ნიველირებულია. დავით მათიკაშვილის თქმით, ორგანიზაციაში თანასწორუფლებიანობა გამქრალია.

"საკმაოდ მძიმე და ტრაგიკული მოცემულობაა ზოგადად ევროკავშირის მიდგომების თვალსაზრისით. ის არსი, რომლის გარშემოც იქმნებოდა ეს გაერთიანება, პრაქტიკულად, ნიველირებულია, თანასწორუფლებიანობა არის გამქრალი. მაშინ, როცა ჩვენ ვადარებთ ევროკავშირის დღევანდელ ბიუროკრატიას საბჭოთა კავშირის მოცემულობასთან, ვგულისხმობთ იმას, რომ თანასწორუფლებიანი ურთიერთობიდან სულ უფრო მეტად არის მცდელობა დაქვემდებარებულის, ანუ ხელმძღვანელის და დაქვემდებარებულის ურთიერთობებში გადავიდეს ის, რასაც დღეს ევრობიუროკრატია სთავაზობს კანდიდატ ქვეყნებს. ისე შეიძლება იყოს გადაწყვეტილებები მათ მიმართ მიღებული, რომ საერთოდ არც კი ჰკითხონ ამის თაობაზე [ორგანიზაციის ყველა წევრს], რაც, ბუნებრივია, პრინციპების სრული დარღვევაა", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები