06 აგვისტო 2026,   02:57
ვრცლად
"როგორ აღმოვაჩინოთ ევროპის ყველაზე გამორჩეული დედაქალაქი" - გავლენიანი ბრიტანული გამოცემა "ტელეგრაფი" საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიების სერიას აქვეყნებს

"ძველისა და თანამედროვეს, აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმზიდველი ნაზავი, სადაც შუა საუკუნეების მდუმარე ტაძრები თანამედროვე არქიტექტურულ საოცრებებს ეჯიბრებიან" - ასე აღწერს გავლენიანი ბრიტანული გამოცემა "ტელეგრაფი" თბილისს და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიების ციკლს აქვეყნებს. გამოცემა British Airways-ის პირდაპირ ფრენებს საქართველოში მოგზაურობის დამატებით უპირატესობად ასახელებს.

სტატიების სერიაში "ტელეგრაფი" ყურადღებას ქვეყნის მრავალფეროვან ბუნებაზე, აქტიური დასვენების შესაძლებლობასა და სათავგადასავლო ტურიზმზე ამახვილებს.

სტატიის ავტორი რუდოლფ აბრაამი მკითხველს ქვევრის ღვინის 8000-წლიან კულტურას, ტრადიციულ კერძებსა და ქართული სუფრის ფენომენს აცნობს და აღნიშნავს, რომ საქართველო არის ადგილი, სადაც კერძები და მათი დაგემოვნება ერთდროულად ხელოვნებაცაა და სოციალური რიტუალიც.

ტურიზმის სექტორში აცხადებენ, რომ მსგავსი კამპანიები ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და მოგზაურთა ნაკადის ზრდას შეუწყობს ხელს.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მარკეტინგული კამპანიის მიზანი ბრიტანულ ბაზარზე საქართველოს, როგორც მრავალფეროვანი და კონკურენტუნარიანი მიმართულების პოზიციონირებაა. კამპანია British Airways-თან პარტნიორობით ციფრულ აქტივობებს, ბანერულ რეკლამას, სარეკლამო სტატიებსა და სხვა ინტეგრირებულ მარკეტინგულ ღონისძიებებს მოიცავს.

დიდ ბრიტანეთში საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგული კამპანიები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და იზიჯეტთან თანამშრომლობის ფარგლებშიც მიმდინარეობს. საიმიჯო ბანერები, ლონდონის ცენტრალურ ლოკაციებზე განთავსდა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარი - ივნისის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში რეკორდულად მაღალი 249 ათასზე მეტი ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდს 23%-ით აღემატება.

დღის ამბები