2008 წლის ომში 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია და, ამის ფონზე, მათი ["ნაციონალური მოძრაობის"] შემდგომი ნაბიჯები რუს ტურისტებთან ხელგაშლილი დახვედრა და აქტიური პროპაგანდა იყო, რომ საქართველოში ჩამოსულიყვნენ, - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი.
ნინო წილოსანის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" ბოროტ საქმეს ემსახურება, რადგან 2008 წლის ომი, რომელმაც ქვეყანას უმძიმესი შედეგი მოუტანა, დიდწილად მათ სინდისსა და ნამუსზეა.
"მათ რუსოფობობას ოდნავადაც ვერ შეატყობდით, მაგრამ როცა უკრაინაში ომი დაიწყო და მათი პატრონების გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ მთავარი ძალისხმევა რუსოფობიის გაძლიერება იყო, ისინი ამ ყველაფერს მარტივად შეუერთდნენ. ფაქტები ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პატრონების დაკვეთით ყველაფერს აკეთებს, მათ არც მორალი, სტანდარტი, პატრიოტიზმი და ქვეყნის სიყვარული არ გააჩნიათ. როცა 2008 წლის ომის შემდეგ არ გიჩნდება სურვილი, რომ ის შედეგები გააპროტესტო, რაც ომის შემდეგ მივიღეთ, მაგრამ ანტირუსულ კამპანიას უკრაინის ომის შემდეგ აძლიერებ, ვხვდებით, რომ მათთვის პატრიოტიზმი და ქვეყნის სიყვარული ფარსია“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.