საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, მას შემდეგ, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2008 წლის ომის დაწყება და ომის დანაშაულები რეზოლუციაზე ხელმოწერით ქართველ სამხედროებს დააბრალა, ახლა გია ბარამიძე იმავეს აფხაზეთის ომთან მიმართებაში აკეთებს. მაჭავარიანის თქმით, ეს არ არის შემთხვევითი წამოცდენა, არამედ ეს განცხადება აფხაზებთან და ოსებთან შერიგების პროცესის ჩაშლას ისახავს.
"მავნებლები აგრძელებენ ამ მტრულ საქმიანობას, ჯერ იყო და რეზოლუციაზე ხელის მოწერით დააბრალეს ჩვენს სამხედროებს ომის დაწყება და ომის დანაშაულების ჩადენა, ახლა კი მათი რუპორი, ბარამიძე, იმავეს აგრძელებს უკვე აფხაზეთის ომთან მიმართებაში და ატყუებს საზოგადოებას იმას, რასაც იგი საუბრობს - ანუ, სიბინძურეებს, და ეს, რა თქმა უნდა, არ იქნება მისი მხრიდან რაღაცა წამოცდენა, ესეც დაგეგმილი, მორიგი, საბოტაჟის მცდელობა იქნება მათი მხრიდან და უნდათ, რომ დაანახონ მთელ მსოფლიოს, თითქოს ქართველები ამგვარი მეთოდებით ვიბრძვით, რომ დისკრედიტაცია მოახდინოს ჩვენი ჯარისკაცების და, ზოგადად, აფხაზეთთან მიმართებით ნებისმიერი სახის საკითხი უფრო დაუმძიმოს საქართველოს.
ჩვენ, რა თქმა უნდა, დასაბრუნებელი გვაქვს ჩვენი ტერიტორიები, შემოსარიგებელი გვყავს ჩვენი ძმები და დები, აფხაზებს და ოსებს ვგულისხმობ და, რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის განცხადებები ამ ყველაფერს, მათი გადმოსახედიდან, რა გათვლაც არის გაკეთებული, ართულებს.
ეს არის სამარცხვინო, არ ვიცი, ამას უკვე ქვეყნის ღალატიც აღარ ჰქვია, ამას ჰქვია აბსოლუტურად ყველაფრისგან დაცლილი დაჯგუფების ქმედებები. ეს პროცესი არის კარგად დაგეგმილი და ისინი აპირებენ ამ პროცესის კიდევ უფრო ჩაშლას და, შესაბამისად, ეს ყველაფერი პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პერიოდში თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი ბარამიძის განცხადებებს, რომელმაც იაგო ხვიჩიასთან პოდკასტში თქვა, რომ ქართველი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ.