ნიკა მელია სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მელიას 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა აღნიშნულმა სასჯელმა ნიკა მელიასთვის გამოტანილი წინა განაჩენი შთანთქა და ის საპატიმროს კვლავ 2026 წლის დეკემბერში დატოვებს. ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობას, კერძოდ კი, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლისთვის, თორნიკე ქოჩქიანისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდნენ.
ადვოკატ გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, ნიკა მელიასთვის შეფარდებული სასჯელის ათვლა 2025 წლის 20 ივნისიდან დაიწყო. მისივე თქმით, ამის გამო პატიმრობის ვადა არ გაიზრდება და მელია საპატიმროს 2026 წლის 20 დეკემბერს დატოვებს.
„ნიკას სასჯელის ათვლა ამ 1 წელიწადის და 6 თვის, დაიწყება 2025 წლის 20 ივნისიდან, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად მას თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელი არ დაემატა და საპატიმროს დატოვებს 2026 წლის 20 დეკემბერს“, - აცხადებს ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი.
პროკურორ სალომე გულიაშვილის განცხადებით, ბრალდების მხარე სასამართლოსგან სამართლიანი სასჯელის შეფარდებას ითხოვდა. მისი თქმით, გადაწყვეტილების დასაბუთების გაცნობის შემდეგ პროკურატურა იმსჯელებს, გაასაჩივრებს თუ არა სასამართლოს განაჩენს.
„პროცესზეც ბრალდების მხარემ მიუთითა, რომ ითხოვდა სასამართლოსგან სამართლიან სასჯელს, შესაბამისად, დასაბუთების ნაწილში კონკრეტულად თუ რას დააყრდნო მოსამართლემ გადაწყვეტილება და სამართლიანი სასჯელი, თუ რატომ ჩათვალა, რომ იქნებოდა ეს, როდესაც განაჩენს ჩავიბარებთ, ამის შემდგომ უკვე უშუალოდ დეტალურად გავეცნობით და ამის შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას, გავასაჩივროთ თუ არა მოსამართლის აღნიშნული გადაწყვეტილება“, - აცხადებს პროკურორი სალომე გულიაშვილი.