ქვეყნის იმიჯის დაზიანება და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ დისკრედიტაციული შინაარსის შემცველი ინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელება - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო.
სუს-ის ინფორმაციით, საქმე ეხება სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული და მართული ყალბი ე.წ. ბოტ-ანგარიშებით, დისკრედიტაციული შინაარსის შემცველი ინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას, რაც ემსახურება საქართველოს ეკონომიკური ინტერესების დაზიანებას.
მმართველი გუნდის განცხადებით, არსებობს ეჭვები, რომ საბოტაჟში მონაწილეობს, როგორც გარე, ასევე, შიდა რადიკალური ძალები, რომლის მიზანიც ქვეყნის დაზიანებაა.
"ჩვენ ვხედავთ გასული თვეების განმავლობაში რაღაც გაცხოველებულ, მომატებულ ძალისხმევას საქართველოს გაშავებაზე. რომ თითქოს აქ საქართველოში, ქართველები, არ ვიცი, ვართ ველურები, ბარბაროსები, ვჭამთ ბავშვებს, არ ვინდობთ არავის, აქ მოსვლა, ჩამოსვლა, დასვენება, ფულის დახარჯვა, რა თქმა უნდა, მშვიდობიანად ამ პროცესის განხორციელება, არის ყოვლად შეუძლებელი. ამას თან ერთვის ზოგიერთი ვაიპოლიტიკოსის განცხადებები ქართველებთან დაკავშირებით.
მთელი მიზანიც, ყოველ შემთხვევაში ძალიან მარტივია ამის იდენტიფიცირება, მით უმეტეს ხდება კონკრეტული ყალბი, ყალბი ექაუნთებიდან ამის დაინიცირება, წახალისება, გამრავალფეროვნება და მერე ამას აჰყვებიან ხოლმე ერთხმად ჩვენი ვაიპოლიტიკოსები.
მიზანი არის მარტივი - მაქსიმალურად დაზიანდეს ქვეყანა, რომ არც ტურისტი შემოვიდეს, არც ინვესტიცია ჩაიდოს, არც ეკონომიკა განვითარდეს, რაც, საბოლოო ჯამში, რაზეც ისევ ხელები უნდა მოითბონ აი ამ პოლიტიკურ რადიკალურმა, ოპოზიციურმა ძალებმა. კარგია, რომ გამოძიება დაიწყო, იმედია, უბრალოდ გამოძიება კი არ იქნება და უბრალოდ იდენტიფიცირებული კი არ იქნება, არამედ ბოლომდე მიჰყვება სახელმწიფო, რამდენადაც ეს შესაძლებელია, იმიტომ რომ ეს ექაუნთები არის საქართველოს გარეთ არსებული სოციალური ქსელებიდან მართული, მაგრამ იმედია, რომ მოხდება ყველას იდენტიფიცირება და საზოგადოებისთვის კონკრეტული სახელ-გვარების წარდგენა და პასუხისმგებლობაში მიცემა," - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.