08 აგვისტო 2026,   11:45
ვრცლად
"სწორედ განადგურებული მტკიცებულებების, გასუფთავებული, გაკრიალებული ტელეფონის გაახლებას, "მეტასთან" ურთიერთობას, ფარული მოსმენების განფარვას და შემდეგ ექსპერტიზას დასჭირდა ამდენი დრო" - ეკა კუპატაძე

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ ორი პირი ბრალის წარდგენას ელოდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი ღამით აიყვანეს. იმნაძის დაკავების კადრები მისმა ადვოკატმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა. იმნაძე დაკავების დროს შეუძლოდ გახდა. ის ღამით კლინიკაში გადაიყვანეს, დღეს დილას კი სამედიცინო დაწესებულებიდან წინასწარი დაკავების იზოლატორში.

გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის განცხადებით, საქმის მასალები ადასტურებს, რომ მისი შვილის მკვლელობასთან დაკავშირებულ საქმეზე საკმარისი მტკიცებულებები არსებობს. მისი თქმით, დრო დასჭირდა განადგურებული მტკიცებულებების აღდგენას, ტელეფონების მონაცემების დამუშავებას, „მეტასთან“ კომუნიკაციას, ფარული საგამოძიებო მასალების გასაჯაროებასა და ექსპერტიზების ჩატარებას. კუპატაძის შეფასებით, პროკურატურისა და საგამოძიებო უწყების თანამშრომლები საქმეზე ინტენსიურად მუშაობდნენ.

„ნია იმნაძე, მიუხედავად იმისა, რომ ის არის ჩემი შვილის მკვლელის წამქეზებელი და რომ არა ნია იმნაძე, დღეს გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა, ხო, გაუკვირდებათ, მაგრამ მე ნია იმნაძე იქ მართლა ადამიანურად შემეცოდა.

ფაქტი უდავოა, ალექსანდრე გაბაშვილი არ იცნობდა გიგა ავალიანს და არ ჰყავდა არცერთი საერთო ნაცნობი, ნია იმნაძის გარდა. ბერუაშვილმა იცოდა, რომ გიგაზე აპირებდნენ თავდასხმას, მან გამოაცილა გიორგი რიკაძე სამივეჯერ, როცა რიკაძე მოდიოდა გიგა ავალიანთან ჩასაფრებაში და იმ ღამესვე, ვიდრე ექიმები გაიგებდნენ, რომ გიგას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმა ჰქონდა, იცოდა ანასტასია ბერუაშვილმა.

გადაეცით მათ საქმის მასალები და ნახავენ, რომ მტკიცებულებები არის საკმაოდ უხვი, ნოყიერი. დიახ, სწორედ განადგურებული მტკიცებულებების, გასუფთავებული, გაკრიალებული ტელეფონის გაახლებას დასჭირდა ამდენი დრო, „მეტასთან“ ურთიერთობას დასჭირდა ამდენი დრო, ფარული მოსმენების განფარვას და შემდეგ ექსპერტიზას დასჭირდა ამდენი დრო. პროკურატურის მუშა გუნდმა თავდაუზოგავად, გამომძიებლების მუშა გუნდმა თავდაუზოგავად, ჩემთან ერთად, ჩემთან ერთად იბრძოლა“, - აცხადებს გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე.

დღის ამბები