საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებულ გამოძიებას ეხმაურება, რომელმაც საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება ქვეყნის იმიჯის დაზიანებისა და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, დისკრედიტაციული შინაარსის შემცველი ინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას.
ნინო წილოსანის შეფასებით, ეს ყველაფერი ემსახურება საქართველოს ეკონომიკური ინტერესების დაზიანებას.
"ძალიან ადვილია, რომ შეამჩნიო, როგორ ორგანიზებულად იწყებენ კონკრეტული კამპანიების აგორებას. ერთი მავნებლური პოსტი, სადაც ტურისტებისთვის საჭმელში ჩაფურთხებაზე იყო საუბარი და შემდგომში უკვე აგორებული კამპანია, რომლის მიზანი არის, რომ ტურისტული სეზონის დროს მაქსიმალურად დააზიანონ ქვეყნის ინტერესი, დანერგონ რაღაცნაირი შიში, აგრესია და დაბრკოლება უცხოელი ტურისტებისთვის.
აქ არა აქვს მნიშვნელობა, რომელ ეროვნების ტურისტზე ვსაუბრობთ, ის ფაქტი, რომ შეიძლება ვინმემ სადმე ასეთი მსგავსება იკადროს ჰოსპიტალითი სექტორში, ეს უკვე ნეგატიური მესიჯი არის ნებისმიერი ტურისტისთვის, ეს იქნება ევროპული, აზიური თუ სხვა ქვეყნის ტურისტებისთვის, ამიტომ მათი კამპანიის სამიზნე არის საქართველო, არა რომელიმე ეროვნების ტურიზმი, არამედ საქართველო, რომ საქართველოში ის გახურებული და გაჩაღებული ტურისტული სეზონი, რომელიც ყოველ ზაფხულს და ზამთრის პერიოდში გვხვდება, როგორღაც იყოს დისკრედიტებული," - განაცხადა ნინო წილოსანმა.