ტვინში ჩამონტაჟებული ჩიპები - ის, რაც წლების წინ სამეცნიერო ფანტასტიკის ნაწილად ითვლებოდა, დღეს უკვე რეალურ ტექნოლოგიად იქცა. ილონ მასკის კომპანია "ნეურალინკი" მედიცინის ახალ ეპოქაზე საუბრობს.
ადამიანი, რომელიც კომპიუტერს ხელის მოძრაობის, ხმის ან შეხების გარეშე მართავს - ეს სცენა აქამდე მხოლოდ ფილმებში გვინახავს. ახლა კი ტექნოლოგია რეალურ პაციენტებზე მუშაობს და თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ მიმართულებად მიიჩნევა.
ტვინში მოთავსებული მიკროჩიპები ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, მხოლოდ ფიქრის საშუალებით აკონტროლონ ციფრული მოწყობილობები - აკრიფონ ტექსტი, გამოიყენონ ინტერნეტი, ითამაშონ ვიდეოთამაშები და ნაწილობრივ დაიბრუნონ ის შესაძლებლობები, რომლებიც მძიმე ტრავმებისა და დაავადებების შემდეგ დაკარგეს - სანდრო სანაიას რეპორტაჟი.
ნოლანდ არბო უკვე რამდენიმე წელია, რაც მხრებს ქვემოთ სრულად პარალიზებულია. დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, თუმცა აქვს ერთი განსაკუთრებული უნარი - მას შეუძლია გონებით მართოს კომპიუტერის კურსორი, გახსნას ნებისმიერი პროგრამა, აკრიფოს ტექსტი, გამოიყენოს ინტერნეტი და ითამაშოს კომპიუტერული თამაშები. ეს არ არის ტელეპატიური ნიჭი - ეს შესაძლებლობა მას მეცნიერებისგან ერგო. 2024 წელს ის გახდა მსოფლიოში პირველი პაციენტი, ვისაც ტვინში ჩიპი ჩაუდგეს. ამაზე Neuralinkმა იზრუნა. ის, რაც ადრე მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმებში გვინახავს, ახლა უკვე რეალობაა და ადამიანების ცხოვრებას რადიკალურად ცვლის.
თუმცა, რაც უფრო ვითარდება ტექნოლოგია, მით უფრო მეტი კითხვა ჩნდება.
მაგალითად, ექნება თუ არა მომავალში ამ ჩიპებს მხოლოდ სამედიცინო დანიშნულება?
ტვინის იმპლანტაციის გრძელვადიანი შედეგები ბოლომდე შესწავლილი არ არის. დღემდე არ არსებობს სრული სამედიცინო კონსენსუსი, თუ რამდენად უსაფრთხოა ტვინში მსგავსი ჩიპების ხანგრძლივად არსებობა. გაურკვეველია, როგორ იმუშავებს სისტემა ადამიანის ორგანიზმში მრავალი წლის განმავლობაში და რამდენად სტაბილურად შეძლებს ტვინის სიგნალების წაკითხვას წლების შემდეგაც. დამატებით კითხვებს აჩენს პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხიც.
მანამდე კი ფაქტია, რომ ტვინის ჩიპები მედიცინის ახალ ეტაპს ქმნის.
ეტაპს, სადაც ადამიანი ტექნოლოგიებს უკვე შეხების გარეშე აკონტროლებს. მომავალი უკვე აქ არის.
ავტორი: სანდრო სანაია