სნო, პატრიარქის მშობლიური სოფელი, სახლი, სადაც უწმინდესი ბავშვობაში, ყოველ ზაფხულს ატარებდა. მიუხედავად იმისა, რომ ვლადიკავკაზში დაიბადა, ილია მეორის მოგონებები სწორედ ხევის პატარა სოფელს, თერგის ნაპირებსა და სნოს ციხეს უკავშირდება.
დღეს სნოში კათოლიკოს პატრიარქი გაიხსენეს. იყვნენ ისინი, ვინც პატრიარქს პირადად იცნობდა და ისინიც ვისაც ის არასდროს უნახავს.
ილია მეორეს მის მშობლიურ სოფელთან კავშირი არასდროს გაუწყვეტია, წლების განმავლობაში დიდ დროს სწორედ აქ ატარებდა. აძლიერებდა და ზრუნავდა ამ კუთხეზე ისევე როგორც სრულიად საქართველოზე.
ტაძარში პანაშვიდი აღავლინეს, რის შემდეგაც პატრიარქის სახლამდე მსვლელობა გაიმართა. ბავშვებმა ის საგალობლები შეასრულეს, რომელსაც ილია მეორე წლების განმავლობაში ქმნიდა.
ილია II დარჩა ხალხის მეხსიერებაში არა მხოლოდ როგორც სულიერი ლიდერი, არამედ როგორც ხევის კაცი - მტკიცე, შეუპოვარი, ერთგული სიტყვაში და საქმეში.
ილია მეორე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სათავეში 49 წელი იყო. პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია იყო, ექვსი მღვდელმთავრითა და 50-მდე მოქმედი ეკლესიით. დღეისთვის კი ქვეყანაში 46 ეპარქია, 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერი და 3 ათასამდე სასულიერო პირია. სწორედ ილია მეორის ძალისხმევით მსოფლიო საპატრიარქომ ოფიციალურად ცნო და დაადასტურა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია.
ის გახდა მორალური ორიენტირი, რომელმაც შეძლო ერის გაერთიანება სულიერი ღირებულებების გარშემო, ილია მეორე ყოველთვის იდგა ხალხის გვერდით ქვეყნისთვის ყველაზე რთულ მომენტებში - 9 აპრილს, სამოქალაქო ომის დროს თუ აგვისტოს ომის დღეებში. ტიროდა ომში დაღუპული გმირებისთვის. იტირა, როდესაც საქართველოში ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები ჩამოასვენა. გადაარჩინა ბევრი რამ ქართული: ტაძრები, ხუროთმოძღვრება, ფრესკები. ხელნაწერები და ბევრი ახალიც შექმნა. ამბობდა რომ მხატვარი არ იყო მაგრამ ხატავდა, არ იყო მუსიკოსი მაგრამ მუსიკას და საგალობლებს წერდა.
სწორედ მისი პატრიარქობის დროს გაიხსნა არაერთი სასულიერო აკადემია, აღდგა ქართული საეკლესიო გალობა, აშენდა ასობით ეკლესია-მონასტერი. მის დროს დაიწყო ახალი წმინდანების კანონიზება. დემოგრაფიული მდგომარეობის გამო შემოიღო საყოველთაო ნათლობა და დღეს ილია მეორეს საქართველოში ათასობით ნათლული ჰყავს.
მისმა ყოფნამ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის სათავეში ქვეყანას მისცა არა მხოლოდ სულიერი სიმტკიცე, არამედ მასშტაბი - მასშტაბი ერთიანობის, ღირსების და სიყვარულის, რაც ყველაზე კარგად მისი დაკრძალვის დღეს ქუჩაში გამოსულმა ასეულობით ათასმა ადამიანმა აჩვენა.