აშშ და ირანი კვლავ ურთიერთგამომრიცხავ სიგნალებს აგზავნიან იმის შესახებ, გაიმართება თუ არა მოლაპარაკებები ამ შაბათ-კვირას, რადგან ისრაელი და “ჰეზბოლა”, გახანგრძლივებული ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, დარტყმების გაცვლას აგრძელებენ - წერს CNN-ი.
აი რა განცხადებები კეთდებოდა კვირის განმავლობაში:
აშშ-ს განცხადება: პარასკევს, თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ ამერიკელი წარმომადგენლები - სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შაბათს პაკისტანში, ირანთან პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის გაემგზავრებიან, ხოლო ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი მზადყოფნაშია ისლამაბადში გასამგზავრებლად, თუ მოლაპარაკებები წარმატებული იქნება. თეთრი სახლის პრესმდივანმა განაცხადა, რომ მან ირანელების მხრიდან „გარკვეული პროგრესი დაინახა“.
რა თქვა ტრამპმა: კვირის განმავლობაში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ომის დასრულების ვადების მკაფიო მითითება არ გაუკეთებია. პარასკევს მან განაცხადა, რომ ირანი შეერთებულ შტატებს შეთავაზებას გაუკეთებდა, თუმცა დეტალები ჯერ არ დაუკონკრეტებია. სულ რაღაც ერთი დღით ადრე, ტრამპმა მიანიშნა, რომ ირანის ლიდერების გაურკვევლობა მოლაპარაკებებს ართულებდა.
რას აცხადებს ირანული მხარე: ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი პარასკევს პაკისტანში ჩავიდა შუამავლებთან შესახვედრად, თუმცა მისმა სამინისტრომ უარყო ინფორმაცია აშშ-სთან დაგეგმილი პირდაპირი შეხვედრის შესახებ. ირანის ნახევრად ოფიციალურმა სახელმწიფო მედიამ, ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ამერიკელებთან მოლაპარაკებები დღის წესრიგში არ შედის“.
რა ხდება ლიბანში: ისრაელის ჯარებსა და „ჰეზბოლას“ მებრძოლებს შორის ცეცხლი არ წყდება, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სამი კვირით გახანგრძლივდა. ამასთან, ორივე მხარე ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.