თუ ევროკავშირი იწყებს გზების ძიებას, როგორ არ უნდა გახდნენ სრულფასოვანი წევრები ახალი წევრი სახელმწიფოები, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი არ არის მზად ახალი გაფართოებისთვის და უბრალოდ ეძებენ გზას იმისთვის, თუ როგორ შეიძლება შექმნან გაფართოების ილუზია, - განაცხადა გადაცემაში "იმედი Live" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
გაფართოების ახალ წესებზე საუბრისას, მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ წესი, რომელზეც ამ ეტაპზე განცხადებები კეთდება, ფუნდამენტურად ცვლის ევროკავშირის არსს.
"ბოლო პერიოდში ხშირად არის საუბარი და უნგრეთის შემთხვევა ხშირად იყო გამოყენებული იმის საჩვენებლად, რამდენად უარყოფითად შეიძლებოდა ემოქმედა ევროკავშირის გადაწყვეტილებებზე ერთი ქვეყნისთვის ვეტოს უფლებას, სწორედ ეს არის გარანტია თანასწორობის, თანასწორუფლებიანობის. გადაჭრით საუბარი, თუ როგორი იქნება პირობები, ჩემთვის შეუძლებელია, რადგან დაწერილი, ხელმოწერილი და შეთანხმებული არ არსებობს, თუმცა ცხადია, რომ ამაზე არის საუბარი, რომ ახალ წევრებს გაწევრიანების შეთანხმებაში ჰქონდეთ პირობა დადებული, რამდენი წელი არ ექნებათ მათ რაღაც უფლებები, როგორიც ექნებათ სხვა წევრ სახელმწიფოებს. ეტაპობრივ გაწევრიანებაზე, ეტაპობრივ გაფართოებაზე დიდი ხანია იყო საუბარი ბრიუსელის აკადემიურ წრეებში, წევრ სახელმწიფოებშიც. მთავარი კითხვა არის ის, არის თუ არა ევროკავშირი მზად გაფართოებისთვის? თუ ევროკავშირი იწყებს გზების ძიებას, როგორ არ უნდა გახდნენ სრულფასოვანი წევრები ახალი წევრი სახელმწიფოები, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი არ არის მზად ახალი გაფართოებისთვის და უბრალოდ ეძებენ გზას იმისთვის, თუ როგორ შეიძლება შექმნან გაფართოების ილუზია. რა გამოდის, რომ ბრიუსელის წესები ყოველგვარი ხმის, საკუთარი ინტერესების გათვალისწინების გარეშე სავალდებულო უნდა იყოს ყველა წევრი სახელმწიფოსთვის, მიუხედავად იმისა, ეს იქნება თუ არა მათ ეროვნულ ინტერესში, რაც ფუნდამენტურად ცვლის თავად ევროკავშირის არსს. ევროკავშირი სწორედ სუვერენული სახელმწიფოების გაერთიანებაა. რა თქმა უნდა, არის სუვერენიტეტის გარკვეული ნაწილების დათმობა კავშირის სასარგებლოდ, თუმცა ეს არასოდეს არ ეხებოდა საგარეო პოლიტიკას“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.