18 ივნისი 2026,   15:29
ვრცლად
მუნდიალი 2026 - პატარა ქვეყნები დიდი ოცნებით

სპორტი, რომელიც გამარჯვების სიხარულს საერთო დღესასწაულად აქცევს. სპორტი, რომელიც მილიონობით ადამიანს ერთი ოცნების გარშემო აერთიანებს - ეს ფეხბურთია!

მწვანე მინდორზე დაწერილი ისტორია, ოცნების დევნა 90 წუთის განმავლობაში, ხან გამარჯვების გზა, ხან კი მარცხით განცდილი სევდა. აქ ერთი წამიც საკმარისია, რომ უცნობი სპორტსმენი ლეგენდად იქცეს. ერთი შეხებაც კი საკმარისია, რომ მთელი სტადიონი საერთო ტალღამ მოიცვას და ყველას გული ერთ რიტმში აძგერდეს.

სწორედ ასეთი დღესასწაული დაიწყო. ის, რასაც ყველა გულშემატკივარი 4 წელში ერთხელ ყველაზე დიდი სიხარულით ელის - მსოფლიო ჩემპიონატი 2026. მიმდინარე მუნდიალმა, კი ყველაზე უკეთ დაგვანახა, რომ პატარა ქვეყნებისთვის მსოფლიო ჩემპიონატი არა მხოლოდ ტურნირი, არამედ ისტორიის დაწერის შანსია.

ახალი საფეხბურთო წესები და რუკა

თუკი "რუსთავი 2"-ზე საფეხბურთო დღესასწაულს თვალს ადევნებთ, შეამჩნევდით, რომ წლევანდელი ჩემპიონატი განსხვავებული წესებით ტარდება. მუნდიალმა მოედნის კარი ფართოდ გახსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2026 წელს ოცნების ახდენის მეტი შანსიც გაჩნდა.

სპორტულ ენაზე რომ ვთქვათ: მაშინ, როცა ათწლეულების განმავლობაში, მსოფლიო ჩემპიონატზე, პირველობისთვის მხოლოდ 32 ნაკრები იბრძოდა, ახლა 48 ქვეყანა მონაწილეობს, რაც ტურნირის ისტორიაში პირველად ხდება.

გაიზარდა მატჩების რაოდენობაც. პირველად ხდება ისიც, რომ მსოფლიო ჩემპიონატს სამი ქვეყანა მასპინძლობს - ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა და მექსიკა. რადგან მატჩები მაღალი ტემპერატურისა და ტენიანობის ფონზე ტარდება, ალბათ ეგრეთ წოდებული წყლის შესვენებებიც თვალში მოგხვდებოდათ, საფეხბურთო სანახაობა რომ ოდნავ კალათბურთს დაამსგავსა.

"cooling breaks" - ბოლო წლებში აქტიურად გამოიყენება. წელს კი გულშემატკივრებში განსაკუთრებული ვნებათაღელვაც გამოიწვია, რასაც მწვრთნელებზე ვერ ვიტყვით. რადგან ამ მცირე დროს, მენტორები საკუთარი ფეხბურთელებისთვის ახალი დავალებების მისაცემად და ტაქტიკის გადასამეორებლად მშვენივრად იყენებენ.

თემა სადაოა, თუმცა ალბათ მაინც, არავინ დაობს იმაზე, რომ ფეხბურთელი ჯერ ადამიანია და შემდეგ სპორტსმენი.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ე.წ. წყლის შესვენება განსაკუთრებით აქტუალურია, ტემპერატურიდან გამომდინარე. წესის მიხედვით, მსაჯს შეუძლია თითო ტაიმში დანიშნოს მოკლე შესვენება, 1-3 წუთიანი, იმისთვის, რომ ფეხბურთელებმა წყალი დალიონ და გადაიტვირთონ. წყალი დასჭირდათ მათაც, ვისთვისაც ჩემპიონატის მასშტაბმაც დიდი გაოცება გამოიწვია.

2026 წლის მუნდიალი წინა ტურნირებისგან მხოლოდ მონაწილეთა რაოდენობით არ განსხვავდება. მან ფეხბურთის გეოგრაფია შეცვალა და მსოფლიოს უდიდესი ტიტული ხელმისაწვდომი იმ ქვეყნებისთვისაც გახადა, რომლებიც წარსულში ამ ოცნებას შორიდან უყურებდნენ. საფეხბურთო რუკაზე გამოჩდნენ ისეთი ქვეყნები, რომელთა სახელები მუნდიალთან თითქმის არასდროს ასოცირდებოდა. და სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო ამბებიც.

 

დებიუტანტების გზა მუნდიალამდე

როდესაც მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილია, არგენტინა, გერმანია ან ინგლისი თამაშობენ, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ამბავი იმისა, თუ რა თმაშის ნახვის შესაძლებლობა გვექნება მოედანზე: ნაკრებები, რომელიც ფეხბურთის არისტოკრატიას ეკუთვნიან. ფეხბურთელები, რომლებმაც ისტორია უკვე დაწერეს და ლეგენდებად იქცნენ. ქვეყნები, რომელთა ისტორიაც სავსეა გამარჯვებებით, თასებით, ტიტულებით, დაუვიწყარი მომენტებით… მაგრამ, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატმა სულ სხვა ისტორიის წერა დაიწყო.

ეს არის ჩემპიონატი, სადაც მსოფლიო პირველად ხედავს ისეთ ნაკრებებს, რომლებიც წლების განმავლობაში მუნდიალს თავადაც მხოლოდ ტელევიზორიდან უყურებდნენ. ესენი არიან ქვეყნები, რომელთა მოსახლეობა ზოგჯერ ერთი დიდი ქალაქის ზომასაც კი ვერ აღწევს, დღეს კი იმ სცენაზე ცდილობენ საკუთარი მიზნის ბოლომდე მიყვანას, სადაც ოდესღაც პელე და დიეგო მარადონა თამაშობდნენ.

უზბეკეთი - გზა ტაშკენტიდან მსოფლიო სცენამდე

34-წლიანი ლოდინი დასრულდა! როდესაც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეთა სიაში უზბეკეთი გამოჩნდა, ეს მხოლოდ ერთი ნაკრების წარმატება არ ყოფილა. ეს იყო ისტორიული მომენტი მთელი ცენტრალური აზიისთვის. ქვეყანამ, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ათწლეულების განმავლობაში ცდილობდა მსოფლიო ფეხბურთის უდიდეს სცენაზე მოხვედრას, ბოლოს და ბოლოს მიზანს მიაღწია.

უზბეკეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე აქამდე არასოდეს უთამაშია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყანამ დამოუკიდებელი საფეხბურთო გზა 1990-იან წლებში დაიწყო და მალევე იქცა აზიის ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ ნაკრებად. თუმცა ყოველ ჯერზე რაღაც აკლდებოდა. ზოგჯერ ეს ერთი ქულა იყო, ხან ერთი გოლი, ხანაც უბრალოდ იღბალი.

განსაკუთრებით მტკივნეული იყო 2006 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპი, როდესაც უზბეკეთი ისტორიულ მიზანთან ძალიან ახლოს მივიდა, მაგრამ საკამათო გადაწყვეტილებებისა და დამატებითი მატჩების შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ხელიდან გაუშვა.

სწორედ მაშინ გაჩნდა ქვეყანაში განცდა, რომ მუნდიალი არა ოცნება, არამედ ვალი იყო, რომელიც ფეხბურთს ერთ დღეს უნდა დაებრუნებინა.

თაობა, რომელმაც ისტორია დაწერა

2006-დან 20 წელი გავიდა და 2026 წლის გზაზე უზბეკეთი უკვე სხვანაირი გუნდი გახდა. გაიზარდა თაობა, რომელმაც წარმატებას ჯერ ახალგაზრდულ ტურნირებზე მიაღწია, წარმატების ტალღამ კი მოგვიანებით ეროვნულ ნაკრებში გადაინაცვლა. საკვალიფიკაციო ეტაპზე უზბეკებმა სტაბილურობა, ორგანიზებული თამაში და ფსიქოლოგიური სიმტკიცე აჩვენეს. მათ მხოლოდ "პერსპექტიული გუნდის" სტატუსი აღარ ჰქონიათ. გუნდი შედეგზე ორიენტირებული გახდა, რომელმაც კონკურენცია აზიის უძლიერეს ნაკრებებს გაუწია და ისტორიული საგზურიც მოიპოვა. უზბეკეთისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა სპორტულ მიღწევაზე მეტია. გამარჯვების საგზური უკვე იქცა ახალი თაობის შთაგონების წყაროდ. ათასობით ბავშვი, რომლებიც ტაშკენტის, სამარყანდისა თუ ბუხარას მოედნებზე თამაშობენ, უკვე იციან, რომ მუნდიალი მიუწვდომელი ოცნება კი არა, ეს რეალობაა.

 

ევროპის გრანდი, სამხრეთ ამერიკული ტექნიკა და აფრიკული ფიზიკური ძალა ერთ ჯგუფში -  უზბეკეთს ჯგუფურ ეტაპზე საკმაოდ ძლიერი მეტოქეები შეხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთი ყველაზე რთული დებიუტი იქნება.

იორდანია - ქვეყანა, რომელმაც შეუძლებელი შესაძლებლად აქცია

იორდანიის ნაკრები მსოფლიო ფეხბურთის ელიტაში არასდროს მოაზრებოდა, თუმცა ბოლო წლებში იორდანიულმა ფეხბურთმა ფაქტია, რომ პროგრესი განიცადა. აზიის თასზე წარმატებამ კი აჩვენა მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია პატარა საფეხბურთო ქვეყანას, სწორი სტრატეგიითა და მოთმინებით, გლობალურ სცენამდე მისვლა.

იორდანია არის ქვეყანა, რომელიც წლების განმავლობაში ახლოს იყო მთავარ საგზურთან, თუმცა ყოველთვის აკლდებოდა ბოლო ნაბიჯი. სწორედ ეს ბოლო ნაბიჯი გახდა ისტორიული. მაროკოელი სპეციალისტის, ჯამალ სელამის ხელმძღვანელობით ნაკრებმა, საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით ჩაატარა, რასაც მუნდიალის ისტორიული საგზური მოჰყვა. იორდანიის ნაკრები ერთი ვარსკვლავის გუნდი არ არის, თუმცა მთავარი საყრდენი ნაკრებისთვის მაინც საფრანგეთის ჩემპიონატში მოთამაშე მუსა ალ-ტამარია. 92 თამაში და 24 გოლი - ასეთია "რენის" 29 წლის ფეხბურთელის შედეგი ნაკრებში.

 

იორდანიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე J ჯგუფში არგენტინასთან, ავსტრიასა და ალჟირთან ერთად ითამაშებს.

კაბო-ვერდე - კუნძულები, რომლებიც ოცნებობდენ

ხშირად, მსოფლიო ჩემპიონატის ერთი სტადიონის ტევადობაც კი მეტია, ვიდრე მთელი ქვეყნის მოსახლეობის - კაბო-ვერდეს მოსახლეობა დაახლოებით, ნახევარი მილიონია. კაბო-ვერდეს ფეხბურთის მთავარი რესურსი ევროპაში გაზრდილი მოთამაშეები გახდნენ.

პორტუგალიაში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში დაბადებული ან აღზრდილი სპორტსმენები, რომლებიც ეროვნულ გუნდს შეუერთდნენ. სწორედ ამ "გლობალურმა კავშირმა" შექმნა ის გუნდი, რომელიც დღეს კონკურენტუნარიანია აფრიკის კონტინენტზე. საკვალიფიკაციო ეტაპზე კაბო-ვერდემ აჩვენა ის, რაც მათ ყველაზე კარგად გამოსდით - დისციპლინა და ორგანიზებული თამაში. ეს არ არის გუნდი, რომელიც მეტოქეს ბურთის ფლობით ჯაბნის. ეს არის გუნდი, რომელიც მოთმინებით ელოდება მომენტს, კარგად იცავს თავს და კონტრშეტევაზე სწრაფად და ეფექტურად გადადის. სწორედ ამ სტილით შეძლეს მათ ძლიერი აფრიკული ნაკრებების წინააღმდეგ ქულების დაგროვება და გადამწყვეტ მომენტებში გამარჯვებების მოპოვება. გუნდის სიძლიერე რამდენიმე ძირითად საყრდენზე დგას. გამოცდილება მოაქვს მეკარესა და ლიდერ ფიგურებს, რომლებიც წლებია ნაკრებში თამაშობენ და რთულ მატჩებში სიმშვიდეს ინარჩუნებენ. შეტევაში კი ახალგაზრდა და სწრაფი ფეხბურთელები ქმნიან განსხვავებას, რომლებიც სივრცეებს იყენებენ და ერთი ეპიზოდით შეუძლიათ თამაშის შეცვლა. ამ ბალანსმა კაბო-ვერდე სახიფათო და არაპროგნოზირებადი გუნდად აქცია.

ეს არის ნაკრები, რომელმაც დაამტკიცა, რომ პატარა ქვეყანასაც შეუძლია ამ დიდ დღესასწაულში, საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს.

 

კაბო-ვერდელი, პედრო ლეიტაო ბრიტოს ნაკრები, მუნდიალზე H ჯგუფში ესპანეთთან, ურუგვაისა და საუდის არაბეთთან ერთად თამაშობს.

კურასაო - კარიბული სიურპრიზი მსოფლიო ფეხბურთში

ეს ოთხეული ყველაზე საინტერესო და გამორჩეული კურასაოთი დავასრულოთ. კარიბის ზღვის აუზში მდებარე პატარა, კუნძულოვანი სახელმწიფო ყველაზე პატარა ქვეყანაა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში. მის ეროვნულ ნაკრებსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ძალიან "ახალგაზრდა პროექტი".

2010 წლამდე კუნძული ნიდერლანდების სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. თვითმართვადი  სახელმწიფოებრივი სტატუსის შემდეგ კი კურასაომ საკუთარი ეროვნული ნაკრები შექმნა და FIFA-ს წევრიც გახდა. ქვეყანა, რომელიც დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობს, საერთაშორისო ფეხბურთში, ფაქტობრივად, მხოლოდ 15-16 წლის ისტორიის მქონეა.

მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლით კურასაო ერთ-ერთი ყველაზე მცირემოსახლე ქვეყანა გახდა, რომელსაც მუნდიალზე ოდესმე უთამაშია. საკვალიფიკაციო ეტაპზე კურასაომ ძალიან ორგანიზებული და "ევროპული სტილის" ფეხბურთი აჩვენა. დაბალანსებული დაცვა, სწრაფი გადასვლები შეტევაში და მკაფიო ტაქტიკური დისციპლინა. გუნდის სიძლიერე  რამდენიმე მთავარ ფიგურაზე დგას. სამწრთვნელო შტაბის მთავარი იდეა კი მარტივი იყო: მცირე ქვეყანამ უნდა ითამაშოს მაქსიმალურად ორგანიზებულად და გამოიყენოს თითოეული შანსი. ამ მიდგომამ კურასაოს მისცა ის, რაც წლების განმავლობაში აკლდა - შედეგი.

კურასაო მსოფლიო ჩემპიონატზე E ჯგუფში გერმანიასთან, ეკვადორსა და კოტ დ’ივუართან ერთად ითამაშებს.

ოცნების ტურნირი

2026 წლის ჩემპიონატს ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა. ზოგი ამბობდა, რომ 48 გუნდი ტურნირის ხარისხსს დააზიანებდა, თუმცა პირველივე დღეებმა საპირისპირო აჩვენა.

მსოფლიო ჩემპიონატი მხოლოდ საუკეთესოების შეკრება არ არის, ეს არის ადგილი, სადაც მსოფლიოს ყველა კუთხეს საკუთარი ისტორიის მოყოლა შეუძლია. უზბეკეთი, იორდანია, კაბო-ვერდე, კურასაო - შესაძლოა მათი ნაკრებები მსოფლიო ჩემპიონები ვერ გახდნენ და თასს ისევ ფეხბურთის გიგანტები დაეუფლონ, მაგრამ მუნდიალზე მათ ყველაზე მნიშვნელოვანი უკვე მოიგეს - იყვნენ მსოფლიო ფეხბურთის მთავარი ნაწილი, იყვნენ იქ საიდანაც იწყება ყველაზე დიდი სასწაულები.  

 

 

დღის ამბები