გასულ თვეს ბელგია გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტის მიმართულებით მთლიანად რუსეთზე დამოკიდებული გახდა - ამის შესახებ "ბლუმბერგი" წერს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, მიზეზი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომია, რომელმაც ევროპაში გაზის მიწოდება მკვეთრად შეამცირა.
Bloomberg-ის მონაცემებით, ბელგიაში ივლისში გათხევადებული გაზის საერთო მიწოდება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 40%-ზე მეტად შემცირდა. მათივე ცნობით, ბელგია გასულ წელს ევროპაში ამ საწვავის იმპორტით მეხუთე ადგილზე იყო.
ამასთან, ქვეყანამ რუსეთისგან დაახლოებით 0.4 მილიონი ტონა საწვავი შეიძინა. ბელგია გაზს ნორვეგიიდან და დიდი ბრიტანეთიდან მილსადენებითაც იღებს.
Bloomberg-ის სტატიის მიხედვით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რუსული გათხევადებული გაზის შესყიდვების მოცულობა უნდა შეემცირებინათ, რადგან აპრილიდან მოკლევადიანი კონტრაქტების დადება აკრძალულია, ხოლო სრული აკრძალვა შემდეგ წელს ამოქმედდება. თუმცა, მიწოდების მოცულობამ, პირიქით, მკვეთრად მოიმატა, რადგან მყიდველები ახლო აღმოსავლეთის მიწოდების ალტერნატივას ეძებდნენ.
ბოლოს რუსეთი ბელგიისთვის გათხევადებული გაზის ერთადერთი მომმარაგებელი 2021 წლის დასაწყისში იყო.