საცხოვრებელი უბნების შესასვლელებთან მოწყობილი ბარიკადები, ქუჩებში მობილიზებული ადგილობრივები და დაპირისპირების კერები - სეუტაში მიგრანტების მასობრივი შესვლის შემდეგ, ქალაქის მცხოვრებთა ნაწილმა მომხდარს "დაპყრობა" და "შემოჭრა" უწოდა. ესპანური მედიის ცნობით, მოქალაქეებმა, საკუთარი ინიციატივით, რამდენიმე უბანში სადღეღამისო მორიგეობაც დააწესეს.
ქალაქის ქუჩებში სამართალდამცველებიც პატრულირებენ. პოლიციის დანაყოფებთან ერთად, ადგილზე ეროვნული არმიაც არის დისლოცირებული და დამატებითი საჯარისო ნაწილებიცაა გადასროლილი. სამართალდამცველები ქუჩებში დარჩენილ მიგრანტებს ეძებენ, აკავებენ და საზღვრის მიმართულებით გადაჰყავთ, საიდანაც ისინი საბოლოოდ მაროკოში ბრუნდებიან.
ადგილობრივებს, ძალოვნებსა და მიგრანტებს შორის შეტაკებებიც გრძელდება. დაძაბულობის ფონზე, პოლიციამ მიგრანტების შესაკავებლად ხელკეტები და ფარები გამოიყენა. პარალელურად, ფიქსირდება კრიმინალური შემთხვევებიც. ცივი იარაღითა და ბლაგვი საგნებით თავდასხმების შედეგად, არაერთი ადამიანი დაშავდა.
კრიტიკულია ჰუმანიტარული მდგომარეობაც. მიგრანტების ნაწილი, რომელსაც ესპანეთში დარჩენა სურს, ღამეს ქუჩებსა და ტყეში ათევს. დღის განმავლობაში, ისინი საკვებისა და წყლის მოპოვებას ცდილობენ, თუმცა სავაჭრო ობიექტებთან სამართალდამცველების კორდონი ხვდებათ. ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე მიგრაციული კრიზისის ფონზე, სამედიცინო დახმარება უკვე ათასზე მეტ ადამიანს დასჭირდა, ხოლო დაღუპულთა რაოდენობა ასს აღემატება.
სეუტაში მიმდინარე ვითარების გასაცნობად, ადგილზე ესპანეთის ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც ჩავიდნენ. ისინი მთავრობას საზღვრის არასათანადო დაცვაში, უკანონო მიგრაციის ხელშეწყობასა და შექმნილ კრიზისზე არასათანადო რეაგირებაში ადანაშაულებენ.
მოვლენებს მადრიდში, მაროკოს საელჩოსთან, საპროტესტო აქცია მოჰყვა. აქციის მონაწილეთა ნაწილი შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებლობას, ესპანეთის ხელისუფლებასთან ერთად, მაროკოს მთავრობასაც აკისრებს.
ცნობილია ესპანეთის ხელისუფლების პოზიციაც. ოფიციალური მადრიდი აცხადებს, რომ სეუტაში შეჭრილი მიგრანტების აბსოლუტური უმრავლესობა უკვე მაროკოში დაბრუნდა, ხოლო დარჩენილი პირების გაძევების პროცესი გრძელდება. საგარეო საქმეთა მინისტრის, ხოსე მანუელ ალბარესის განცხადებით, ქვეყანა ყველა უკანონო მიგრანტმა უნდა დატოვოს.