18 ივნისი 2026,   16:37
ვრცლად
"კარგ ლობიანს რომ აცხობ, იმას არ ნიშნავს, რომ პარტიის კარგი თავმჯდომარე შეიძლება იყო" - ლევან მაჭავარიანი ნანუკა ჟორჟოლიანზე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე შიდაპარტიულ კრიზისს ეხმაურება და აცხადებს, რომ პარტიას განახლების არანაირი რესურსი არ აქვს.

"კარგ ლობიანს რომ აცხობ, იმას არ ნიშნავს, რომ პარტიის კარგი თავმჯდომარე შეიძლება იყო. არანაირი განახლების რესურსი არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც რაღაცას წარმოადგენს ამ ქვეყანაში, რაღაც რეპუტაცია აქვს შექმნილი, რადიკალურ ოპოზიციასთან გაკარება არავის უნდა. პლინტუსს ქვემოთ თუ რაღაც არსებობს, იმის ქვემოთაც ჩასვლას აპირებენ. თინა ბოკუჩავამ წყენა ვერ დამალა, რადგან მას ყველაფერი აქვს გაკეთებული, რათა პარტიის თავმჯდომარე ყოფილიყო და ინფორმაცია მანქანაში გაუგია. ლოგიკურია, გული დასწყდებოდა", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

შიდაპარტიული კრიზისი "ნაციონალურ მოძრაობაში" - მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანმა მისი თხოვნით უკვე დაიწყო შეხვედრები პარტიულ ორგანიზაციებთან. მისივე მტკიცებით, პარტიაში რჩება თინა ბოკუჩავაც, თუმცა სააკაშვილის მოულოდნელი გადაწყვეტილება და ძალაუფლების გადანაწილების პროცესი, პარტიის წევრებს შორის ღია დაპირისპირების მიზეზია.

პარტიის ინსტიტუციურ კრიზისზე საუბრობს ლევან ბეჟაშვილი და რადიკალურ გადატვირთვას ითხოვს. ამბობს, რომ თავმჯდომარის არჩევნების გარეშე, პირდაპირ დანიშვნა თავის დროზე შეცდომა იყო. ამ ფორმით კი პოსტი თინა ბოკუჩავამ დაიკავა.

კულუარებიდან საჯარო სივრცეში გადმოტანილი დაპირისპირების პარალელურად, მოქმედმა თავმჯდომარემ საკუთარი ჩანაცვლების გეგმის შესახებ სოციალური ქსელიდან გაიგო. თინა ბოკუჩავა ციხიდან მიღებულ გადაწყვეტილებებს "იმპულსურსა და არათანმიმდევრულს" უწოდებს და ამბობს, რომ პარტია სწორედ ამან მიიყვანა კრიზისამდე.

დღის ამბები