სპეცოპერაციის შედეგად, სპეცრაზმმა ორგანიზებული ჯგუფის წევრები დააკავა - ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირები, რომლებიც კრიმინალური მეთოდებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარითა და ფიზიკური ანგარიშსწორებით ბიზნესმენებს თანხას სძალავდნენ.
ორგანიზებულ ჯგუფს ლიდერი ჰყავდა - ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, ელმურაზ მამედოვი. ის არაერთი მძიმე დანაშაულისთვის უკვე ბრალდებულია და წითელი ცირკულარით იძებნება. მამედოვის დავალებით, ჯგუფის წევრები ისეთ მოქალაქეებს არჩევდნენ, რომლებსაც ბიზნესი ჰქონდათ. აშინებდნენ, რომ საქმეში ე.წ. კანონიერი ქურდები იყვნენ ჩართულები და თუ ფულს არ გადაიხდიდნენ, ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ.
6-წუთიან სატელეფონო ჩანაწერებში კარგად ისმის, როგორ იგეგმებოდა ერთ-ერთი ბიზნესმენისთვის კუთვნილი ავტომობილების ჩამორთმევა იმ შემთხვევაში, თუ ფულის გადაცემის დროს დააგვიანებდა. მოთხოვნილი თანხა 100 000, ზოგჯერ კი 200 000 დოლარსაც აღწევდა.
ორგანიზებული ჯგუფის წევრები დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათი სამიზნე ბიზნესმენები სამართალდამცველებს არ მიმართავდნენ. "კურიერის" ინფორმაციით კი, პოლიციას დანაშაულის ფაქტი სწორედ ერთ-ერთმა დაზარალებულმა შეატყობინა.
მიმართვისთანავე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოპერატიული და კომპლექსური ღონისძიებები ჩაატარეს. მალევე, ქურდული სამყაროს წინააღმდეგ, თბილისსა და ქვემო ქართლში სპეცოპერაცია ჩატარდა.
პოლიციამ ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო ვაზნები, მობილური ტელეფონები, ავტომობილები და დიდი ოდენობით თანხა ამოიღო.
აღიარებენ თუ არა ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულს, ამ ეტაპზე, უცნობია. "კურიერი" ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, ელმურაზ მამედოვის, ადვოკატს ესაუბრა. თეონა ფერაძის თქმით, მამედოვთან კომუნიკაცია ჯერ არ ჰქონია.
ელმურაზ მამედოვს მიმდინარე საქმეზე პროკურატურამ ბრალი უკვე წარუდგინა. ბრალდებულები არიან ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებიც. ცნობილია, რომ სახელმწიფო ბრალდებას შუამდგომლობა ექნება, რომ სასამართლომ ყველას მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიება გამოიყენოს.
სისხლის სამართლის საქმეში ე.წ. ქურდული "ობშიაკისთვის" შეგროვებული 62 000 დოლარიც დევს, რაც, გამოძიების ინფორმაციით, ადასტურებს, რომ ორგანიზებული ჯგუფი ქურდულ სამყაროსთან იყო კავშირში.