18 ივნისი 2026,   16:37
ვრცლად
ქართველ ხალხს აქვს მხარდაჭერა - ლაშა ფარულავა ახალ რეზოლუციაზე

ევროპარლამენტის რიგით მერვე რეზოლუცია, რომელიც წინა ტექსტების ანალოგია. საქართველოს შესახებ ანგარიში იმეორებს ტრადიციულ მოთხოვნებს, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, პერსონალური სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილის, მთავრობის, სასამართლოსა და ძალოვანი უწყებების მიმართ.

ყველა რეზოლუციაში ისმის ერთი და იგივე მოთხოვნები რაც ქართული ოცნების შეფასებით ადასტურებს ფაქტს რომ ევროპარლამენტში არსებობს ჩარჩო დოკუმენტი, რომლის კოპირებაც ხდება და რეზოლუციებზე სიღრმისეულად რეალურად არავინ მუშაობს.

გუშინ მიღებული დოკუმენტით ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს ევროკომისიას, შექმნას მექანიზმი, რომლითაც უვიზო მიმოსვლა შეუნარჩუნდებათ მხოლოდ აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს.

მმართველი გუნდის შეფასებით, ეს მიდგომა კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ ევრობიუროკრატია უგულებელყოფს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას და მხოლოდ ვიწრო, მათთვის სასურველ ჯგუფებს ლობირებს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, ქართველ ხალხს ბრიუსელის მხარდაჭერა აქვს.

"ბრიუსელის მხრიდან გამიჯნულია - ქურდები, კრიმინალები, კორუფციულ დანაშაულში მხილებული პირები და ქართველი ხალხი. ქართველ ხალხს აქვს მხარდაჭერა.

ნაგულისხმევია ის ადამიანები, ქართველი ხალხის სრული უმრავლესობა, რომელიც იბრძვის საქართველოს ევროპული მომავლისთვის. დეფინიციას ვახდენ ამ პოზიციის, რომ აქ არის ნაგულისხმევი ყველა ის ადამიანი, რომელიც იბრძვის ევროპული მომავლისთვის", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

დღის ამბები