18 ივნისი 2026,   00:32
ვრცლად
რის გამო ისჯება საქართველო ბრიუსელის მიერ - რასა იუკნევიჩიანეს გულწრფელი აღიარება

436 მომხრე - 145 წინააღმდეგი - ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუცია - უცვლელი პათოსით და უცვლელი ავტორებით. კრიტიკული დოკუმენტის ინიციატორი ისევ რასა იუკნევიჩიანეა, რომელმაც, განხილვის გარეშე ჩატარებულ კენჭისყრამდე, საქართველოზე ერთ-ერთ მედიასთან ისაუბრა. სწორედ ამ ინტერვიუში აღიარა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ომმა გახსნა, რადგან 2022 წლამდე გაფართოებაზე რეალურად არავინ საუბრობდა, პოლიტიკური ნების არარსებობის გამო.

აღიარება, რომ ბრიუსელისთვის წევრობის შანსს მხოლოდ ომში მონაწილეობა განსაზღვრავს - ასე აფასებს "ქართული ოცნება" იუკნევიჩიანეს განცხადებას.

უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ ევროპის სახალხო პარტიის წევრს წამოსცდა ის, თუ რა გეოპოლიტიკური გეგმები ჰქონდათ კონკრეტულ ძალებს, რომელთა მოთხოვნებსაც ხელისუფლება არ დაემორჩილა.

მმართველ პარტიას ახლა აინტერესებს, რატომ ითხოვდნენ საქართველოსგან ევროინტეგრაციის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას, თუკი გაწევრიანების საკითხი, საომარი მოქმედებების დაწყებამდე, დღის წესრიგში არც მდგარა.

ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობები რომ ომმა გახსნა, იუკნევიჩიანეს მსგავსად, აღიარებენ ხელისუფლების ოპონენტებიც.

მშვიდობის ალიანსში გაწევრიანების გზა რომ ბრიუსელისთვის სამხედრო მოქმედებებზე გადის, ზუსტად ამაზე საუბრობს "ქართული ოცნება". მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ქვეყანა სწორედ იმიტომ ისჯება, რომ, გაწევრიანების სანაცვლოდ, ომის წესებს არ აჰყვა. შანტაჟის გაგრძელებაა მათთვის მორიგი რეზოლუციაც, რომელსაც ანტიქართულსა და ანტიდემოკრატიულს უწოდებენ. ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მოკავშირე ევროპარლამენტარებისგან არ უკვირთ, რომ დოკუმენტი ხელისუფლების არაღიარების პოლიტიკას ინარჩუნებს, მოითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებასა და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის გაუქმებასაც.

ევროპარლამენტში დღეს მიღებული რეზოლუცია ითხოვს "ქართული ოცნების" თანამდებობის პირების პერსონალურ და სავიზო სანქცირებას. ასევე, მედიასაშუალებებისთვის შეზღუდვების დაწესებას. ამ კონკრეტული ჩანაწერის ინიციატორი კი ის ბალტიისპირელი დეპუტატები არიან, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში თავადვე ფიგურირებენ სისხლის სამართლის დანაშაულებში.

დღის ამბები