18 ივნისი 2026,   00:28
ვრცლად
სააკაშვილის ახალი დირექტივა ციხიდან და დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" - რატომ უწოდა ბოკუჩავამ სააკაშვილის გადაწყვეტილებებს არათანმიმდევრული

თინა ბოკუჩავამ გზაში და თან, სოციალური ქსელით გაიგო, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე აღარ იქნება. პარტიის რიგით მე-5 ლიდერს ბარგი, რუსთავის ციხიდან, სწორედ იმ ერთმა კაცმა ჩაულაგა, რომელმაც მისი ფიგურა საჭადრაკო დაფაზე 2 წლის წინ, იმავე ერთპიროვნული გადაწყვეტილების პრინციპით დასვა. მიხეილ სააკაშვილის ერთგული თინა ბოკუჩავასთვის, რომელმაც პარტიის თავმჯდომარის პოსტი მხოლოდ 2 წლით შეინარჩუნა, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის მოულოდნელი გადაწყვეტილება უკვე დღეს ისეთივე იმპულსური და არათანმიმდევრულია, როგორც ნებისმიერი სხვა, რომელმაც პარტია შეუქცევად კრიზისამდე მიიყვანა.

ბოკუჩავა მწყობრიდან, განცხადებამდე რამდენიმე წუთით ადრე, რუსთავის ციხეში მიღებულმა პოლიტიკურმა განაჩენმა გამოიყვანა. მსჯავრდებული სააკაშვილი 6 დღის წინ, ირიბად ნათქვამის პირდაპირ სათქმელად, მისი პარტიის თავმჯდომარის ვადის ამოწურვასაც არ დაელოდა და პოლიტიკური ვოიაჟიდან ახლად დაბრუნებულ ბოკუჩავას 21 დღით ადრე უთხრა, რომ მის ჩანაცვლებას ნანუკა ჟორჟოლიანით გეგმავს.

ეს კონფიგურაცია თინა ბოკუჩავასთვის, ჯერ კიდევ გუშინ, პოლიტიკური ჭორაობა იყო. "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი თავმჯდომარე, რომელსაც წამმზომი დღეს ჩაურთეს, ერთ-ერთ მედიასთან ირწმუნებოდა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანს სააკაშვილისგან მისი ჩანაცვლების შეთავაზება არ მიუღია, თუმცა ისიც ვერ გამორიცხა, რომ, პარტიის ურეიტინგოების გამო, დაკავებული პოსტი თავად, საკუთარი ნებით დაეთმო.

სააკაშვილის კულუარული ვერდიქტის შესახებ არც პარტიის გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოში იცოდნენ. თინა ბოკუჩავას მსგავსად, სხვებიც ერთმანეთის მიყოლებით ირწმუნებოდნენ, რომ ჟორჟოლიანის შესაძლო თავმჯდომარეობაზე პარტიაში განხილვაც კი არც ყოფილა. ამტკიცებდნენ იმასაც, რომ გადაწყვეტილებას დელეგატების ხმათა უმრავლესობით მიიღებდნენ - თუმცა აქაც გამორჩათ მთავარი - სააკაშვილის მითითების შესაბამისად.

ვიდრე მოქმედი "ნაციონალები" თავდასხმებს იგერიებენ, ყოფილები მათ პარტიას ცინიზმით და ირონიით მოიხსენიებენ. სააკაშვილის გადაწყვეტილებიდან რამდენიმე წუთში ჩერგოლეიშვილმა დაწერა, რომ "ნაციონალური - ნანულმა შეცვალა". მანამდე კი ერთ-ერთ მედიასთან თქვა, რომ ვარცხნილობა და პოლიტიკურ გემოვნება შეცვლილი მიშა ცილისმწამებელია, რომელმაც მხოლოდ წიხლების ქნევა იცის.

პოლიტიკური რეგრესის შემდეგ, ფიასკო - ეს ის გარანტირებული მომავალია, რასაც სახელისუფლებო გუნდი ოპონენტებს უკვე წლებია უწინასწარმეტყველებს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ურთიერთბრალდებების რეჟიმში მყოფი ოპოზიცია, სადაც გადაწყვეტილების მთავარი მიმღები ისევ მიხეილ სააკაშვილია, მალე პოლიტიკური ველიდან საბოლოოდ გაქრება.

საკუთარი პარტიის ბედი სასწორზე თავად მიხეილ სააკაშვილმა დადო, რომელმაც 6 დღის წინ ციხიდან მოიწერა, რომ, ვარცხნილობასთან ერთად, პოლიტიკური გემოვნებაც შეიცვალა და "ნაციონალებში" რევოლუციის მოწყობა, საჯარო პოსტით, ნანუკა ჟორჟოლიანს მოსთხოვა. ვინ რჩება და ვინ მიდის? - არ არის გამორიცხული, თანამდებობიდან გაძევებულმა თინა ბოკუჩავამ პარტიაც ვადაზე ადრე დატოვოს, მის კვალს კი ჟორჟოლიანთან კონფლიქტში მყოფი, ძველი "ნაციონალებიც" გაჰყვნენ.

დღის ამბები