საქართველოს პროკურატურამ რუსთავში მომხდარი თაღლითობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები მოტყუებით, წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით - ასი ათას ლარზე მეტს თაღლითურად დაეუფლნენ. დაკავებულებს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რუსთავში, ბრალდებულებმა დაზარალებული მოატყუეს თითქოსდა აშენებულ და დასრულებულ საცხოვრებელ კორპუსში არსებულ ბინას ყიდდნენ. უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის გაუგზავნეს სხვა საცხოვრებელი ბინის სურათები და დაარწმუნეს თითქოსდა სწორედ აღნიშნულ ბინას ყიდდნენ, რეალურად კი მიყიდეს დაუსრულებელ კორპუსში არსებული საცხოვრებელი ბინა. აღნიშნული ქმედებით ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ, დიდი ოდენობით - 102 850 ლარს.
ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს." - ვკითხულობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.