"წამლის ეფექტურობაზე მონაცემების სიმცირე - ეს არის მიზეზი. კერძოდ, კვლევის მიხედვით, არ დადასტურდა მისი ეფექტურობა პლაცებოსთან შედარებით" - ეს ის მთავარი მიზეზია, რის გამოც ევროპის წამლების სააგენტომ პრეპარატ ექსონდის 51-ს ავტორიზაციაზე უარი ჯერ კიდევ 2018 წელს უთხრა.
კვლევები, რომელზეც ჯანდაცვის მინისტრმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა, აჩვენებს, რომ მედიკამენტი დიუშენის სინდრომის მკურნალობის პროცესში არაეფექტური აღმოჩნდა. ევროპის მარეგულირებლისგან უარი, ამერიკის შეერთებული შტატებისა და სურსათის სააგენტოსგან კი დროებითი თანხმობა მედიკამენტმა, კონკრეტული დათქმით მიიღო. მწარმოებელს დაევალა სიღრმისეული კვლევების ჩატარება. პრეპარატის გამოცდა და დაკვირვება ცხოველებზე დაიწყო.
მშობლების პოზიციები და მოთხოვნები მარეგულირებელი ორგანოების გაფრთხილების მიუხედავად, უცვლელია. დიუშენის სინდრომით დაავადებული მოზარდების ოჯახის წევრები სხვა მედიკამენტებთან ერთად, ეგზონ სკიპინგის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვას ითხოვენ. მშობლების ნაწილი ამტკიცებს, რომ პრეპარატი ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ზოგიერთისთვის კი ექსპერიმენტული ეტაპის გავლა მხოლოდ დროის საკითხია.
საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემები აქტიურად აქვეყნებენ სამედიცინო სტატიებს ექსპერიმენტის შესახებ. ერთ-ერთი სტატიიდან ვიგებთ, რომ მკვლევრებმა სპეციალურად შექმნეს გენეტიკურად მოდიფიცირებული ვირთაგვას მოდელი. მეცნიერები კვლევებს პრეპარატის გამოცდის მიზნით აწარმოებენ. მკვლევრების მიზანია ზუსტად განისაზღვროს წამლის დოზირება, ტოქსიკურობა და მისი ეფექტურობა.
იმისთვის, რომ მედიკამენტი ლაბორატორიიდან პაციენტამდე მივიდეს, რამდენიმე ეტაპი უნდა გაიაროს. პირველი ეს არის გამოცდა ცხოველებზე. თუ პრეპარატი უსაფრთხოების და ეფექტურობის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, მწარმოებელი უკვე მის გამოცდას ადამიანებზე იწყებს. ბოლო ეტაპი კი ეს არის დადასტურება, როდესაც მსოფლიო მარეგულირებელი ორგანოები მას ავტორიზაციას ანიჭებენ.
სახელმწიფო ყველა შესაძლო რიკს დააზღვევს და გაიზიარებს ევროპის წამყვანი ჯანდაცვის სისტემების გამოცდილებას და რეკომენდაციებს - ასეთია უწყების პოზიცია. მიხეილ სარჯველაძემ "ღამის კურიერის" ეთერში ყველა მხარეს მოუწოდა, რომ თემის პოლიტიზება, როცა საქმე ბავშვების ჯანმრთელობას ეხება, დაუშვებელია.
კვლევების და ექსპერიმენტების საბოლოო შედეგებს საქართველოს მსგავსად ელოდებიან ევროპის სხვა წამყვანი ქვეყნებიც. ეგზონ სკიპინგი სახელმწიფო პროგრამაში ამ დრომდე არ აქვს ჩასმული დიდ ბრიტანეთს და ევროკავშირის წევრ სხვა სახელმწიფოებს.