თბილისში მყოფი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს საპატრიარქოში მეუფე შიომ უმასპინძლა. მოგვიანებით, სტუმრებმა, ქართველ კანონმდებლებთან ერთად, სიონში გადაინაცვლეს და კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ხსოვნას მიაგეს პატივი. ჩატარდა პანაშვიდიც.
"მათ ჰქონდათ შეხვედრა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მეუფე შიოსთან და შემდგომ გადაწყვიტეს, რომ საპატრიარქოდან სიონის საკათედრო ტაძარში ფეხით მობრძანებულიყვნენ, რათა თავიანთი ღრმა პატივისცემა და სიყვარული გამოეხატათ საქართველოს აწ უკვე გარდაცვლილი პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის მიმართ. დელეგაციის ხელმძღვანელებმა მოითხოვეს, რომ თავად შეესრულებინათ საგალობელი ძველ ბერძნულ ენაზე - ქრისტე აღდგა მკვდრეთით და შემდგომ უკვე, როდესაც დასრულდა პანაშვიდი უწმინდესი პატრიარქის სულის საოხად, სიტყვები, რომელიც წარმოითქმება ამ მსახურების დროს - საუკუნოდ იყოს ხსენება მისი, მათ ასევე ბერძნულად წარმოთქვეს ეს და თავად იგალობეს," - აღნიშნა პროტოპრესვიტერმა, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, მამა გიორგიმ (ზვიადაძე).
მანამდე, ასამბლეის წევრების მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სამდივნოს საგაზაფხულო სხდომა შედგა. სტუმრები მიიღეს საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ.
ასამბლეის ხელმძღვანელებმა მასპინძლებს ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოუცხადეს. საუბარი შეეხო ასევე გლობალური ეკონომიკური, სოციალური კრიზისების ფონზე ქრისტიანული ფასეულობების დაცვასა და დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერას.