06 აგვისტო 2026,   15:52
ვრცლად
109 წელი ავტოკეფალიის აღდგენიდან - ისტორიულ თარიღს საქართველო პატრიარქის გარეშე პირველად შეხვდა

ავტოკეფალიის აღდგენიდან 109 წელი - მგლოვიარე საქართველომ ეს თარიღი უწმინდესის გარეშე, ბოლო 49 წლის განმავლობაში, პირველად აღნიშნა - მისი გარდაცვალებიდან მეცხრე დღეს. 25 მარტს დღესასწაულმა ზეიმის გარეშე ჩაიარა.

სიონის ტაძარში პანაშვიდი და პარაკლისი მოსაყდრე შიომ აღავლინა. მეუფემ ის გზა გაიხსენა, რომელსაც ილია მეორე პატრიარქად აღსაყდრებისთანავე დაადგა. ამ გზის დასასრულს საქართველოს ეკლესიის უძველესი ავტოკეფალია მსოფლიომ აღიარა.

ვახტანგ გორგასლის ეპოქაში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია ანტიოქიამ სცნო. გვყავდა პირველი კათოლიკოსი და სწორედ იმ დროიდან იღებს სათავეს მირონის მოხარშვის ტრადიციაც.

მე-19 საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერიამ საქართველო მიიერთა, 1811 წელს კი ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა. ქართულ ტაძრებს რუსეთის მიერ დანიშნული ეგზარქოსები მართავდნენ. დაირღვა მსოფლიო ეკლესიის კანონები - ტაძრები ცარიელდებოდა, ქართული ლოცვა და გალობა რუსულით იცვლებოდა, 24 ეპარქიიდან მხოლოდ ხუთი დარჩა. ეს მდგომარეობა 106 წელი გაგრძელდა.

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა მთავარ მიზნად დაისახა. რუსეთის შიდა არეულობის ფონზე ეს მიზანი შესრულდა.

1917 წლის 25 მარტს, მცხეთაში, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღდგენილად გამოცხადდა, მალევე კი კირიონ მეორე პატრიარქად აირჩიეს.

დამოუკიდებელ საქართველოში ეკლესია დამოუკიდებელი იყო, თუმცა თვითაღიარებულის სტატუსით - სხვა ეკლესიები ავტოკეფალიის ოფიციალურ აღიარებას თავს არიდებდნენ.

1921 წლიდან ეკლესიისთვის მძიმე პერიოდი დაიწყო - საბჭოთა ხელისუფლება მას მტრად აცხადებდა, ტაძრები ინგრეოდა, სასულიერო პირები იდევნებოდნენ, სიწმინდეები ნადგურდებოდა.

ილია მეორე პატრიარქად 1977 წელს აღსაყდრდა და მძიმე მემკვიდრეობა ჩაიბარა. ამ დროს ეკლესიური ცხოვრება თითქმის გამქრალი იყო - იშვიათი იყო ნათლობა, ეკლესიური ქორწინება და ქართული ლოცვა-გალობა.

პატრიარქის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ავტოკეფალიის დოკუმენტური აღიარება იყო. ეს მიზანი შესრულდა - კონსტანტინოპოლიდან ჩამოტანილი ტომოსი ეკლესიაში ისტორიულ მოვლენად იქცა.

ილია მეორე განსაკუთრებულად აფასებდა მსოფლიო პატრიარქ დიმიტრიოსის როლს ამ პროცესში.

შემდეგ აღდგა მირონის მოხარშვის ტრადიციაც - პატრიარქმა კონსტანტინოპოლიდან შესაბამისი უფლება დაიბრუნა.

წელს, პირველად, ავტოკეფალიის დღე საქართველომ პატრიარქის გარეშე, მოკრძალებულად აღნიშნა. სიონის ტაძარში ილია მეორე ღვაწლმოსილი პატრიარქების გვერდით დაკრძალეს.

აქ, ამ ტაძარშია მისი სამუდამო განსასვენებელი. სიონში დღესაც თითქოს ყველაზე ხმამაღლა ისმის უწმინდესის ხმა.

დღის ამბები