18 ივნისი 2026,   15:30
ვრცლად
"ჰორმუზის სრუტის იარაღად გამოყენება არ არის აგრესიის აქტი ერთი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს არის ეკონომიკური ტერორიზმი ყველა ქვეყნის წინააღმდეგ" - ADNOC-ის აღმასრულებელი დირექტორი ალ ჯაბერი

ირანის მიერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა „ეკონომიკური ტერორიზმია ყველა ერის წინააღმდეგ“, - განაცხადა არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიის ხელმძღვანელმა.

„გლობალური ეკონომიკის ჟანგბადის მნიშვნელოვანი ნაწილი ერთი არხით გადის. და მაინც, არიან ისეთებიც, ვინც თვლიან, რომ ამ არხის დახურვა მისაღები სტრატეგიაა“, - განაცხადა ADNOC-ის (აბუ დაბის ეროვნული ნავთობკომპანია) აღმასრულებელმა დირექტორმა, სულთან აჰმედ ალ ჯაბერმა, ჰორმუზის სრუტეზე მითითებისას, რომლითაც, როგორც წესი, მსოფლიოს ნავთობისა და ბუნებრივი აირის მარაგების დაახლოებით მეხუთედი გადის. თუმცა, მან თავი აარიდა ირანის ხსენებას.

„როდესაც ჰორმუზის სრუტე ზეწოლის ქვეშ ექცევა, ეს მთელ მსოფლიოში მაშინვე იგრძნობა“, - განაცხადა ალ-ჯაბერმა ორშაბათს, ტეხასში, CERAWeek-ის ენერგეტიკის კონფერენციაზე და ირანთან ომის დაწყების შემდეგ ნავთობის ფასების მკვეთრ ზრდას ხაზი გაუსვა.

ცნობისთვის, "ბრენტის" ნავთობის ფასი, რომელიც გლობალური საორიენტაციო მაჩვენებელია, ამ დროის განმავლობაში თითქმის 40%-ით გაიზარდა.

„ეს ზრდის ცხოვრების ღირებულებას მათთვის, ვისაც ამის საშუალება ყველაზე ნაკლებად აქვს და ანელებს ეკონომიკურ ზრდას ყველგან - ქარხნებიდან და ფერმებიდან დაწყებული, მთელი მსოფლიოს ოჯახებით დამთავრებული. ამასთან, ადამიანური მსხვერპლი ყოველდღიურად იზრდება“, - განაცხადა ალ ჯაბერმა, რომელიც ასევე არაბთა გაერთიანებული საემიროების მრეწველობისა და მოწინავე ტექნოლოგიების მინისტრიცაა.

"ნება მომეცით ავსოლუტურად ნათლად ვთქვა: ჰორმუზის სრუტის იარაღად გამოყენება არ არის აგრესიის აქტი ერთი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს არის ეკონომიკური ტერორიზმი ყველა ქვეყნის წინააღმდეგ. და არცერთ ქვეყანას არ უნდა მიეცეს უფლება, ჰორმუზის სრუტე მძევლად აიყვანოს. არც ახლა და არც არასდროს", - აღნიშნა ალ ჯაბერმა.

 

 

დღის ამბები