18 ივნისი 2026,   15:42
ვრცლად
ირანის წინააღმდეგ "ცახალისა" და "პენტაგონის" ერთობლივი სამხედრო ოპერაცია გრძელდება - რა ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში

ირანის წინააღმდეგ "ცახალისა" და "პენტაგონის" ერთობლივი სამხედრო ოპერაცია გრძელდება. გასული ღამის განმავლობაში დარტყმები ბუშირის, ქერმანის, თეირანისა და ალბორზის რეგიონებზე განხორციელდა. სამიზნე სარაკეტო და საჰაერო თავდაცვის ინფრასტრუქტურა, ლოჯისტიკური ცენტრები და მართვის პუნქტები გახდა.

თავდასხმა განხორციელდა ისრაელზე, ირანმა ქვეყნის მიმართულებით ათამდე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ძლიერი აფეთქება მოხდა იერუსალიმში, ძველ ქალაქში, ალ-აქსას მეჩეთის მახლობლად. მედიის ცნობით, დაშავდა სამი ადამიანი, შემთხვევის ადგილიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.

პარალელურად, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირების ფონზე, გრძელდება ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივი ბლოკადა. Bloomberg-ი წერს, რომ თუ ენერგეტიკულ დერეფანთან დაკავშირებული ვითარება ივნისის ბოლომდე არ შეიცვლება, მსოფლიო ეკონომიკური ზრდა 2,9%-ით შემცირდება.

ცნობილია, რომ შტატები სპარსეთის ყურეში მდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის კუნძულ ხარგის შესაძლო დაკავების ან საზღვაო ბლოკადის გეგმაზე მუშაობს. სწორედ ამ კუნძულზე გადის ირანის ნავთობის ექსპორტის 90%.

"ჩვენ ირანს ბირთვული იარაღის ქონის უფლებას არ მივცემთ" - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საზღვაო ძალებისთვის მთავარსარდლის თასის გადაცემის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლის დროს. მან კიდევ ერთხელ ხაზზი გაუსვა, რომ ირანის ფლოტი თითქმის მთლიანად განადგურებულია და ყველაფერი მათი გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს.

დღის ამბები