წლების გამოცდილებას ემოციამ გადააჭარბა. გაუჭირდა, თუმცა შეძლო და უკანასკნელ გზაზე პატრიარქი სწორედ ქრისტეს დატირებით გააცილა. ქრისტესი, რომლის სიყვარულსაც უწმინდესმა მთელი 93 წელი მიუძღვნა. მადლობა - ამ ერთადერთი სიტყვით აცილებენ უსასრულობაში ადამიანს, რომელიც იყო პატრიარქი და რომელმაც თითოეული ადამიანის გულამდე მიაღწია.
ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ილია მეორე ის გამონაკლისია, ვინც შეძლო ასობით ათასი ქართველის სიყვარული დაემსახურებინა და ამ სიყვარულში გაეერთიანებინა.
"იწამეთ ღმერთი, იწამეთ სიყვარული, ისწავლეთ შენდობა და ისწავლეთ პატივისცემა" - ეს მთავარი ანდერძიცაა და კურთხევაც. ბოლო დროს თავად დაუძლურებულმა საკუთარ ხალხს გარდაცვალების შემდეგაც უდიდესი ძალა დაუტოვა.
გულით არა მარტო ღმერთის, არამედ მთელი ქვეყნის სიყვარული ატარა. უყვარდა ადამიანები, ბუნება, მუსიკა, მხატვრობა, პოეზია. თავად შემოქმედი იყო და ხელოვან ადამიანებსაც განსაკუთრებით აფასებდა. აფასებდნენ, უყვარდათ და საკუთარ შემოქმედებასაც უძღვნიდნენ, თუმცა ნაწილმა ამის გამხელა მხოლოდ უწმინდესის გარდაცვალების შემდეგ შეძლო.
თავად მთის კაცს მთაც სხვანაირად ელოდა. უცნობ ისტორიებს შორის არაერთი ფაქტია და პირადი ისტორიები ახლა ყველაზე ძვირფასი მოგონებებია.
პატრიარქთან გატარებული დრო მის გარშემო მყოფი ადამიანებისთვის განსაკუთრებულია. ლაშა ჟვანიას ილია მეორესთან ურთიერთობის 38 წელი აკავშირებს. პირველად შვიდი წლის ასაკში ნათლიამ შეახვედრა, გავიდა წლები, მათი გზები არაერთხელ გადაიკვეთა და საბოლოოდ უწყვეტ კავშირად ჩამოყალიბდა. ქართული კულტურული მემკვიდრეობის მოძიება, მისი პატრონობა და წმინდა მიწაზე საქართველოს ადგილის აღდგენა - ეს მისია ლაშა ჟვანიას ისრაელში ელჩობის დროს დაევალა. ამბობს, რომ ნამდვილი მთის კაცის ხასიათს ილია მეორე იშვიათად, თუმცა მხოლოდ მაშინ იჩენდა, როდესაც საქმე სარწმუნოებას და ეკლესიას ეხებოდა.
უწმინდესი არ იყო მხოლოდ უმაღლესი რანგის სასულიერო პირი. ამბობენ, რომ მის თვისებებში სახელმწიფოებრივი აზროვნება განსაკუთრებულად იგრძნობოდა. ინტერესდებოდა ყველაფრით - სოფლის მეურნეობიდან დაწყებული დიპლომატიით დასრულებული.
სიყვარულის და ქრისტესმიერი რწმენის ურყევი მატარებელი - ასე იგონებენ პატრიარქს, რომელიც ერს სულიერ მამად 49 წელი ემსახურა. რომელმაც გარდამტეხი, ეპოქალური ცვლილებები განახორციელა და რომელიც თანაბრად შესაცნობია ყველა ასაკის ადამიანისთვის.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, წმინდა სინოდი, მრევლი და თითოეული მოქალაქე დღეს ჭირისუფალია. პატრიარქმა უკანასკნელი წუთები ახლო გარემოცვაში და მისთვის ნაცნობ გარემოში გაატარა.
უწმინდესის ღვაწლი ქვეყნის სულიერ და ისტორიულ მეხსიერებაში წარუშლელად დარჩება. მისი გარდაცვალება კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ არსებობენ ეპოქალური ადამიანები და სწორედ ასეთად დარჩება ილია მეორე ქართველი ერისთვის.