იაზდი, ხორასანი, თეირანი, ჩაბაჰარი - ამერიკა და ისრაელი ირანის რეგიონებზე დარტყმების სერიას განაგრძობს. კოალიციური ძალების ავიაიერიშების სამიზნე ირანის თავდაცვით-სამრეწველო ობიექტები და სამხედრო ინფრასტრუქტურაა.
თავის მხრივ, ირანმა მასირებული სარაკეტო იერიში განახორციელა ისრაელის ცენტრალურ ნაწილში მდებარე რეგიონებზე. ამოქმედებულია საჰაერო განგაში.
ისრაელის სახმელეთო ოპერაცია გრძელდება ლიბანში. სამიზნე "ჰესბოლას" სამეთაურო შტაბების და ინფრასტრუქტურის განადგურებაა. ქვეყანაში ორი კვირის განმავლობაში დარტყმების შედეგად 1 მილიონზე მეტი ადამიანი, ანუ მოსახლეობის 20% დევნილად იქცა, დაღუპულია დაახლოებით 850 ადამიანი.
აფეთქებებია ბაღდადში. უპილოტო საფრენი აპარატებით ამერიკის საელჩოზე განხორციელებულ დარტყმას მოჰყვა ხანძარი.
ირანმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებსაც დაარტყა.
თავდასხმის შედეგად, ხანძარი გაჩნდა ფუჯაირას ნავთობ ინდუსტრიის ზონაში.
რისკების გამო, საამიროების სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და ქვეყნის საჰაერო სივრცე სრულად ჩაკეტა.
ცნობილია, ისიც რომ ირანმა და შეერთებულმა შტატებმა ომის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ პირველად ორმხრივი პირდაპირი კონტაქტები აღადგინეს. "აქსიოსი" წერს, რომ კომუნიკაცია შედგა ამერიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის შორის.