"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მოსახლეობას აფრთხილებს და მდინარე არაგვის კალაპოტთან გადაადგილებისას განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს.
კომპანიის განცხადებით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მოსული უხვი ნალექისა და ჟინვალის წყალსაცავში წყლის დიდი ნაკადის შემოდინების გამო, კალაპოტში წყლის დონის მკვეთრი მატებაა მოსალოდნელი.
"გაფრთხილება! 2026 წლის 18 ივნისიდან მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის ნაკადის მატება, რაც გამოწვეულია მცხეთა-მთიანეთის რაიონში მოსული უხვი ნალექითა და შესაბამისად, ჟინვალის წყალსაცავში წყლის უხვი შემოდინებით.
ბუნებრივ უხვ ნალექთან ერთად, მდინარის კალაპოტს შეუერთდება ჟინვალის წყალსაცავიდან გამოსული ჭარბი წყალი.
წყალუხვობის დროს კაშხლის მდგრადობისა და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფის მიზნით, ჟინვალის წყალსაცავის საექსპლუატაციო პირობები მკაცრად კონტროლდება „წყალსაცავის ექსპლუატაციის ინსტრუქციის“ დოკუმენტით.
გთხოვთ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ აღნიშნულ პერიოდში მდინარე არაგვის კალაპოტთან გადაადგილებისას!" - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.