18 ივნისი 2026,   15:38
ვრცლად
აიათოლას ფინანსური იმპერია - როგორ შექმნა ალი ხამენეიმ 95 მილიარდ დოლარიანი ბიზნესქსელი ირანელების ქონების კონფისკაციით

ირანის უზენაესმა ლიდერმა ალი ხამენეიმ, რომელიც 2026 წლის 28 თებერვალს დაიღუპა, უკან დატოვა ძალაუფლების, რეპრესიებისა და უზარმაზარი ფინანსური იმპერიის მთელი რიგი მემკვიდრეობა.

სიკვდილამდე ის ახლო აღმოსავლეთში ყველაზე ხანგრძლივად მმართველი ლიდერი იყო. ხამენეი ხელისუფლებაში 1989 წელს მოვიდა, მას შემდეგ რაც გარდაიცვალა მისი პოლიტიკური მენტორი, ირანის ისლამური რესპუბლიკის დამფუძნებელი რუჰოლა ხომეინი.

ირანის სათავეში გატარებული 36 წელი და რვა თვე დაკავშირებულია მკაცრ პოლიტიკურ კონტროლთან, ქალების წინააღმდეგ სისტემურ რეპრესიებთან, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობასთან და რეგიონული შეიარაღებული დაჯგუფებების - მათ შორის ჰამასისა და ჰეზბოლას - ფინანსურ მხარდაჭერასთან.

თუმცა საერთაშორისო ანალიტიკოსების შეფასებით, მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სადავო მემკვიდრეობა გახდა უზარმაზარი ეკონომიკური იმპერია, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 95 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. სხვადასხვა გამოძიების მიხედვით, ეს ფინანსური ქსელი ნაწილობრივ შეიქმნა იმ ქონების კონფისკაციის გზით, რომელიც ათასობით ირანელ მოქალაქეს ეკუთვნოდა.

 

როგორ გროვდებოდა ქონება "სეტადი" - უზენაესი ლიდერის ეკონომიკური ინსტრუმენტი

ხამენეის ბიზნესიმპერია დაკავშირებულია ორგანიზაციასთან, რომელიც ირანში “სეტადის” სახელით არის ცნობილი. ეს სტრუქტურა შეიქმნა ირანის რევოლუციის ლიდერის, რუჰოლა ხომეინის მიერ მისი სიცოცხლის ბოლო პერიოდში.

ორგანიზაციის სრული სახელია: “სეტად ეჯრაიე ფარმანე ჰაზრათე ემამ” - რაც ქართულად ნიშნავს: „იმამის ბრძანების აღსრულების შტაბს“. წლების განმავლობაში ეს ორგანიზაცია გადაიქცა ძლიერ ეკონომიკურ კონგლომერატად, რომელიც აქტივებს ფლობს ირანის ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროში - ეს იქნება ფინანსური სექტორი და ნავთობის ინდუსტრია, ტელეკომუნიკაციები და ფარმაცევტული წარმოება, ასევე აგრობიზნესით, სადაც სირაქლემების ფერმებიც კი შედის.

 

როგორ გროვდებოდა ქონება

2013 წელს სააგენტო “როიტერსის” მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ აჩვენა, რომ “სეტადმა” უზარმაზარი უძრავი ქონება დააგროვა. გამოძიების მიხედვით, ორგანიზაცია ხშირად მიმართავდა ირანის სასამართლოებს და ამტკიცებდა, რომ კონკრეტული ქონება „მიტოვებულია“ ან მის მფლობელს სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაული ჰქონდა ჩადენილი. ზოგ შემთხვევაში ეს ბრალდებები ყალბიც კი აღმოჩნდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, “სეტადს”, სახელმწიფოს სახელით, ქონების ჩამორთმევის უფლება ენიჭებოდა. ამის შემდეგ ეს ქონება ხშირად აუქციონზე იყიდებოდა ან თავდაპირველ მფლობელებს სთხოვდნენ კომპენსაციის გადახდას, რათა საკუთარი ქონება დაებრუნებინათ. სწორედ ამ მექანიზმით, ორგანიზაციამ ხელში ჩაიგდო ათასობით მიწის ნაკვეთი, საცხოვრებელი სახლი და კომერციული ფართი.

ხამენეის მმართველობის პერიოდში “სეტადმა” მნიშვნელოვნად გააფართოვა საქმიანობა და შეიძინა წილები ათეულობით ირანულ კომპანიაში - როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორში. ოფიციალურად, ამ პროცესის მიზანი ირანის ეკონომიკის გაძლიერება და ეროვნული ინდუსტრიის განვითარება იყო.

არის ვარაუდი, რომ ამ გზით შეიქმნა უზარმაზარი ეკონომიკური ქსელი, რომელიც პრაქტიკულად უზენაესი ლიდერის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა. ორგანიზაციის რეალური ღირებულების დადგენა რთულია, რადგან მისი ფინანსური ანგარიშები საჯარო არ არის.

“როიტერსის” შეფასებით “სეტადის” აქტივების საერთო ღირებულება დაახლოებით 95 მილიარდ დოლარს აღწევს. აქედან დაახლოებით 52 მილიარდი დოლარი მოდის უძრავ ქონებაზე, ხოლო 43 მილიარდი - კომპანიებში განხორციელებულ ინვესტიციებზე.

მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს, თითქოს ხამენეი ამ თანხებს პირადად იყენებდა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ასეთი ფინანსური რესურსი მნიშვნელოვნად აძლიერებდა მის პოლიტიკურ ძალაუფლებას.

 

შვილის ოფშორული იმპერია

ხამენეის სახელთან დაკავშირებული ფინანსური აქტივები მხოლოდ ირანში არ შემოიფარგლება. სხვადასხვა მიხედვით, უზენაესი ლიდერის შვილმა, მოჯთაბა ხამენეიმ, წლების განმავლობაში შექმნა საერთაშორისო ფინანსური ქსელი, რომელიც მოიცავს ლონდონის ძვირადღირებულ სასახლეებს, დუბაიში მდებარე ელიტურ ვილებს, ევროპაში არსებულ მდიდრულ სასტუმროებს, შვეიცარიულ საბანკო ანგარიშებსა და სპარსეთის ყურის რეგიონში მოქმედ ბიზნესებს.

56 წლის მოჯთაბა ხამენეის უცხოურ აქტივებზე ჩატარებულმა ერთწლოვანმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ მისი ფინანსური ქსელი სხვადასხვა ქვეყანაში რეგისტრირებულ კომპანიებსა და საბანკო ანგარიშებს მოიცავს. ექსპერტების შეფასებით, სწორედ ასეთი სისტემა საშუალებას აძლევდა მას გვერდი აევლო დასავლური სანქციებისთვის, რომლებიც მას 2019 წელს დაუწესდა.

 

ფარული კომპანიების ქსელი

ბლუმბერგის კვლევის მიხედვით, მოჯთაბა ხამენეის სახელი პირდაპირ არ ფიგურირებს იმ აქტივების დოკუმენტებში, რომლებიც რეალურად მას უკავშირდება. ქონება რეგისტრირებულია სხვადასხვა შუამავალ კომპანიებზე, ნდობით აღჭურვილ პირებსა და საერთაშორისო საბანკო ანგარიშებზე.

ეს ქსელი მოიცავს ფინანსურ სტრუქტურებს გაერთიანებულ არაბთა საამიროებში, დიდ ბრიტანეთში, შვეიცარიაში, ლიხტენშტეინში, კუნძულ მენზე და კარიბის ზღვის ოფშორულ იურისდიქციებში, მათ შორის სენტ კიტსსა და ნევისში.

 

ლონდონის მილიარდერთა უბანი

წყაროების მიხედვით მხოლოდ დიდ ბრიტანეთში მოჯთაბა ხამენეი ფლობს ათზე მეტ ძვირადღირებულ სასახლეს, რომელთა საერთო ღირებულება 100 მილიონ ფუნტს აჭარბებს. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქონებაა სახლი ბიშოპს ავენიუზე - ქუჩაზე, რომელსაც ხშირად „მილიარდერთა რიგსაც“ უწოდებენ. ეს სახლი 2014 წელს დაახლოებით 33.7 მილიონ ფუნტად შეიძინეს.

2025 წელს მოჯთაბა ხამენეის წინააღმდეგ ბრიტანეთმაც დააწესა სანქციები „მტრული საქმიანობის“ ბრალდებით, რაც დაკავშირებულია ირანის რევოლუციური გვარდიის შესაძლო ფინანსურ მხარდაჭერასთან. ექსპერტების შეფასებით ამ სანქციებმა შეიძლება აიძულოს მასთან დაკავშირებული ბიზნესსტრუქტურები ევროპული აქტივების გაყიდვას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ მსგავსი შეზღუდვები ევროკავშირშიც დაწესდება.

 

სიმდიდრე და გაღარიბებული ქვეყანა

ხამენეის ოჯახის ფინანსური აქტივები მკვეთრად ეწინააღმდეგება იმ ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელშიც დღეს ირანი იმყოფება. ქვეყნის ეკონომიკა წლების განმავლობაში სუსტდება, ხოლო ინფლაცია და უმუშევრობა მილიონობით მოქალაქეზე მძიმედ აისახება.

ამავე დროს ირანის ხელისუფლება აგრძელებს მკაცრ პოლიტიკას ქალების უფლებების შეზღუდვის, ლგბტ ადამიანების დევნისა და რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ რეპრესიების მიმართულებით.

საერთაშორისო ასპარეზზე კი თეირანი აქტიურად აფინანსებს ე.წ. „წინააღმდეგობის ღერძს“ - რეგიონულ სამხედრო-პოლიტიკურ ქსელს, რომელიც მოიცავს ჰამასს ღაზაში, ჰეზბოლას ლიბანში, ჰუთების მოძრაობას იემენში და ირანის მხარდამჭერ შეიარაღებულ დაჯგუფებებს სირიაში და ერაყში.

 

ავტორი: სანდრო სანაია 

დღის ამბები