საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება პარიზის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა, თუმცა საქართველოს მთავრობის შუამდგომლობა გაიზიარა - სახელმწიფოს "ნამახვანჰესის" ინვესტორებისთვის 400 მილიონის გადახდა დაუყოვნებლივ არ მოუწევს. აღსრულება დროებით შეჩერებულია. სამართლებრივი პროცესი კი თავის დროზე პროექტის შეჩერებით დაიწყო, რასაც წინ უძღოდა რამდენიმეთვიანი მწვავე პროტესტი. სწორედ პროტესტის ავტორებს აკისრებს "ქართული ოცნება" პასუხისმგებლობას ზარალზე, რაც სახელმწიფოს, სტრატეგიული პროექტის ჩავარდნასთან ერთად, ასეულობით მილიონი უჯდება. ეკონომიკური დივერსია ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ - მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ეკოლოგიური საბაბით დაწყებულ პროტესტს სინამდვილეში პოლიტიკური მიზეზი ჰქონდა. ეს კი თავის მხრივ კონკრეტული ძალების ინტერესებს უკავშირდება.
პირდაპირი მონაწილეები დღეს აღარაფერს ამბობენ, არც სატელეფონო ზარებს პასუხობენ, თუმცა თავის დროზე საზოგადოებას აქტიურობასაც ჰპირდებოდნენ.
ნამახვანის მცველების სახელით ცნობილ აქტივისტებს შორის ავანგარდში ვარლამ გოლეთიანი იდგა. სწორედ ის ხელმძღვანელობდა პროტესტს, რომელიც მოგვიანებით რიონის ხეობასაც გასცდა. აქციები ტარდებოდა დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში, სადაც ჰესის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნას თან ახლდა ულტიმატუმები და დედაქალაქის პარალიზების მუქარაც.
აქტივისტების გვერდით იდგნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის "საია", "მწვანე ალტერნატივა", "იემსი". პროტესტის სოლიდარობის მიზნით, ენჯეოები დოკუმენტურ ფილმებსაც ამზადებდნენ. სანაცვლოდ კი 5 ივლისის ცნობილი მოვლენების დროს იმავე ვარლამ გოლეთიანისგან საპასუხო თანადგომას ითხოვდნენ.
ვარლამ გოლეთიანის გარდა, დღეს ნამახვანის საკითხზე საუბარი არ სურთ არც იმ ენჯეოს წარმომადგენლებს, რომლებიც სახელმწიფოს პროექტის შეჩერებისკენ აქტიურად მოუწოდებდნენ.
ვის ეკისრება პასუხისმგებლობა? - ოპოზიცია ტრადიციულად აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციებს იცავს.
მაშინ ქვეყნის შიგნით დიპლომატებიც აქტიურობდნენ და ხელისუფლებას პროტესტის მონაწილეების შეშფოთების გათვალისწინებისკენ მოუწოდებდნენ, არქივი არაერთ ასეთ კომენტარს ინახავს.
პროტესტის ზეწოლის ფონზე "ენკასთან" ხელშეკრულება შეწყდა. სწორედ ამის შემდეგ უჩივლა კომპანიამ სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში, სადაც საქართველომ დავა წააგო. სახელისუფლებო გუნდში დღეს ამბობენ, რომ ქვეყანა არა მხოლოდ ფინანსურად დაზარალდა, არამედ ზიანი მიადგა ეროვნულ პრიორიტეტს - განმტკიცდეს სახელმწიფოს ენერგოდამოუკიდებლობა და ეკონომიკური უსაფრთხოება.
"ნამახვანჰესის" პროექტის განხორციელების შემთხვევაში, კომპანია "ენკას" ქვეყნისთვის 800 მილიონის ინვესტიცია უნდა შემოეტანა, თუმცა სახელმწიფოს ახლა თავად უწევს 400 მილიონი დოლარის გადახდა. აღსრულება პარიზის სააპელაციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებამდე შეჩერებულია.