პარლამენტში ფასების შემსწავლელი დროებითი კომისია კიდევ ერთხელ შეიკრიბება. დეპუტატები ამჯერად ფქვილის, პურ-ფუნთუშეულის და ტკბილეულის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს მოუსმენენ.
საპარლამენტო კომისიის წევრების განმარტებით, შემდეგი შეხვედრები დაგეგმილია დისტრიბუტორებსა და იმპორტიორებთან. მხარეები დარწმუნებული არიან, რომ ღია დისკუსიის შედეგად ყველა მხარისთვის მისაღებ გადაწყვეტილებამდე მისვლა მოხერხდება.
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, შეხვედრის ფარგლებში კვლავ ფასწარმოქმნის პროცესში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებენ.
"ისევ ვხვდებით მწარმოებლებს. კონკრეტულად, ფქვილის, ფუნთუშეულის, პურის, ტკბილეულისა და სხვადასხვა მწარმოებლებს. შეხვედრის ფარგლებში ისევ ვისაუბრებთ თუ რა გამოწვევები არის ფასწარმოქმნის პროცესებში, საწარმოო დონეზე. შემდეგ, გვექნება შემაჯამებელი ანალიზი და გადავალთ ფასწარმოქმნის ჯაჭვის შემდეგ რგოლზე, რომელიც გახლავთ იმპორტიორები და დისტრიბუტორები", - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.