05 აგვისტო 2026,   23:45
ვრცლად
სად გადის ზღვარი სიტყვის თავისუფლებასა და კონსტიტუციური ორგანოების არაღიარებას შორის - კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ექსტრემიზმი სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება

სისხლის სამართლის კოდექსს ახალი მუხლი ემატება. კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ექსტრემიზმში ბრალდებულად ჩაითვლება ის, ვინც სისტემურად და საჯაროდ სხვებს კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ, დაუმორჩილებლობისკენ, ხელისუფლების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ სისტემატურად მოუწოდებს.

სისხლის სამართლის დანაშაულს ჩაიდენს ის პირიც, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლად სხვას ან საკუთარ თავს თვითნებურად წარმოაჩენს, ან რეგულარულად სჩადის ქმედებას, რომელიც კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურად ცნობისკენ არის მიმართული. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ან 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ცვლილებები შედის სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლშიც. კონსტიტუციური წყობილების არაღიარების მოტივით ჩადენილი დანაშაული დამატებით 1 წლით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

სისტემურობა, სისტემატურობა და საჯაროობა - სწორედ ეს სამი მდგენელი განსაზღვრავს დანაშაულს. ცვლილებების ავტორმა დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცალკეული პერფორმანსები სისხლის სამართლის დანაშაულად არ ჩაითვლება. არჩილ გორდულაძის თქმით, დანაშაულის ჩადენასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის მკაფიო ზღვარია გავლებული. ამის მიუხედავად, ოპოზიციაში მაინც ამბობენ, რომ კანონის გამკაცრების მიზანი სიტყვისა და გამოხატვის უფლების შეზღუდვაა.

საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს ექსტრემიზმისგან დაცვის გარანტი იქნება - მმართველი გუნდის ლიდერები საერთაშორისო პრაქტიკაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მსგავსი კანონები არაერთ დემოკრატიულ ქვეყანაში უკვე დიდი ხანია მოქმედებს. მაგალითად გერმანიას ასახელებენ. გასულ წელს ბერლინში ექსტრემისტული მოძრაობა აკრძალეს, ხოლო წევრები, რომლებიც არჩეული ხელისუფლების გადაწყვეტილებებს ბოიკოტს უცხადებდნენ, დააკავეს.

ქმედებებს, რომლებიც კონსტიტუციურ წყობილებას საფრთხეს უქმნის, ხელისუფლება კანონით უნდა დაუპირისპირდეს - პრემიერ-მინისტრის თქმით, არსებობს 5 ქვეყანა, მათ შორის რუსეთი, რომელიც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტზე ხელისუფლების იურისდიქციას არ აღიარებს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამ ქვეყნების მსგავსად საქართველოშიც არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ხელისუფლების ლეგიტიმაციას არ აღიარებენ.

"ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ" - სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილეს. ახალ ინიციატივაზე მსჯელობა პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება.

"სისხლის სამართლის კოდექსს" ახალი, 316-ე პრიმა მუხლი დაემატება სახელწოდებით: "ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ".

აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას შემდეგ შემთხვევაში გაითვალისწინებს: საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქის სტატუსის არმქონე პირის მიერ კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოების მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ ან ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ სისტემატურად, საჯაროდ მოწოდება. ასევე ამავე პირის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად სხვისი ან საკუთარი თავის თვითნებურად ან საჯაროდ სისტემატურად წარმოჩენა ან სხვა სახის სისტემატური მოქმედება, რაც მიმართულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ და აზიანებს საქართველოს ინტერესებს ან ქმნის საქართველოს ინტერესების დაზიანების რეალურ საფრთხეს.

ასეთი ქმედება გამოიწვევს ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 400-დან 600 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით. იურიდიული პირის შემთხვევაში იურიდიული პირი დაისჯება ჯარიმით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

გარდა ამისა, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და კონსტიტუციური ორგანოების წინააღმდეგ მოტივით ჩადენილი დანაშაული. ამ დროს თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასჯელის მოსახდელი ვადა სულ მცირე ერთი წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულის მინიმალურ ვადას.

ასეთი ტიპის ცვლილებები "სისხლის სამართლის კოდექსში" აისახება, რომელიც პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია და მას იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე მოსმენით - მუხლობრივად იხილავს.

ცვლილებები კომიტეტის წევრებს კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ გააცნო.

"ეს არის ექსტრემიზმთან დაკავშირებული საკითხი, რაც პროექტის პირველი მოსმენით განხილვის დროს დაისვა. მოიყვანეს გერმანიის მაგალითი, როცა პირები კონსტიტუციურ ორგანოებს და კონსტიტუციურ წყობილებას არ აღიარებდნენ. მათი გაერთიანება 20 ათას ადამიანს მოიცავდა. ისინი სხვებსაც მოუწოდებდნენ, რომ კონსტიტუციურ ორგანოებს და კანონმდებლობას არ დამორჩილებოდნენ, რაც კონსტიტუციურ წყობილებას საფრთხეს უქმნიდა. ამიტომაც დადგა კონკრეტული ორგანიზაციის საქმიანობის შეწყვეტის საკითხი, ხოლო მათი ხელმძღვანელის შემთხვევაში, რომელიც თავს მეფედ წარმოაჩენდა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგა", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

როგორც გორდულაძემ კომიტეტის სხდომაზე განმარტა, პერფორმანსი სისხლის სამართლის დანაშაულად არ ჩაითვლება. მისი თქმით, "გაივლება ზღვარი, ერთი მხრივ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და მეორე მხრივ, დანაშაულებრივ ქმედებას შორის".

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები