გადამწვარი ზეთისხილის პლანტაციები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, კერძო საცხოვრებელი სახლები და ტყე - უკვე მეხუთე დღეა, ათენიდან 60 კილომეტრში, მდებარე კითაირონის მთის მიმდებარედ ასობით მეხანძრე, მძიმე ტექნიკა და ავიაცია ხანძრის კერების ლოკალიზებას ცდილობს.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საბერძნეთში ხანძრებს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. კრეტასა და პელოპონესზე ცეცხლის ქრობისას სამი მეხანძრე-მაშველი დაიღუპა, ათენის მახლობლად კი ვერტმფრენების შეჯახების შედეგად ორი პილოტი.
მოსახლეობის გადარჩენის მიზნით, დაზარალებული რაიონებიდან ევაკუაცია მიმდინარეობს. საკუთარი საცხოვრებელი სახლების დატოვება ათასზე მეტ ადამიანს მოუწია. ცეცხლმა ადგილობრივებს შემოსავლის წყაროც წაართვა, რადგან საბერძნეთის რიგ რეგიონებში საქმიანობის მთავარი სფერო სწორედ სოფლის მეურნეობაა.
რთული ვითარებაა ნიდერლანდების სამხრეთ ნაწილში მდებარე, ლიმბურგის პროვინციაში. გერმანიის საზღვართან, ნაკრძალში, ერთი დღის წინ გაჩენილი ხანძარმა ას ჰექტარზე გავრცელდა. ცეცხლის ჩაქრობას 300-მდე მაშველი, ავიაციის და სპეციალური ტექნიკის დახმარებით ცდილობს. საცხოვრებელი უბნებიდან და საკურორტო ზონებიდან განხორციელდა ადგილობრივების და ტურისტების ევაკუაცია. ადგილზე შეფერხებით მუშაობს რკინიგზა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.
ცეცხლის კერების ლოკალიზების პარალელურად, საფრანგეთში სტიქიის ეკონომიკურ შედეგებს ითვლიან. უპრეცედენტო მასშტაბის ხანძარმა ბორდოს და ჟირონდის დეპარტამენტებში 420 000 ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა. მედიაში გავრცელებული პირველადი შეფასებით, ზარალი 10-15 მილიარდ ევროს აღწევს. მხოლოდ ჟირონდის დეპარტამენტში 40 000 ბიზნესი დაზარალდა, 19 500 ობიექტი დაიხურა, საწარმოო პროცესი შეაჩერეს ქვეყნის თავდაცვის და ავიაკოსმოსური ინდუსტრიის უმსხვილესმა კომპანიებმაც.
სტიქიის გეოგრაფია მხოლოდ ხმელთაშუა ზღვის რეგიონით აღარ შემოიფარგლება - ხანძრებთან ბრძოლა დასავლეთ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის არაერთ ქვეყანას უწევს. განსაკუთრებით მასშტაბური ზარალი უკვე მიადგა ესპანეთს, პორტუგალიას, იტალიასა და რუმინეთს. ქვეყნებში ამოქმედებულია სამოქალაქო თავდაცვის მექანიზმით გათვალისწინებული პროტოკოლებიც.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე