"ზღაპრების 12 წელი" - ასე უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში საკუთარი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების დაპირებებს აფასებს. ვალერი ზალუჟნი მხოლოდ დიპლომატი არ არის. წლების განმავლობაში, ის უკრაინის სამხედრო ძალების მთავარსარდალი იყო. გენერალი, რომელიც NATO-ს სტანდარტების დანერგვაზე იყო პასუხისმგებელი, ამბობს, რომ ალიანსის დაპირებები ზღაპრები აღმოჩნდა და საკუთარი 12-წლიანი სამუშაო პრაქტიკა აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ უკრაინა NATO-ს წევრი ვერასდროს გახდება.
უკრაინელი მაღალჩინოსნის განცხადება ქართველი პოლიტიკოსებისთვის მორიგი აღიარებაა. საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებში ამბობენ, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ომის დაწყებამდე იცოდა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ოფიციალური კიევის გაწევრიანება რომ მხოლოდ დაპირება იყო, NATO-ს საბაბი კი რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის დამატებითი მოტივი გახდა.
ვალერი ზალუჟნი უკრაინული ჯარის განვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას და ირწმუნება, რომ NATO-ში ინტეგრაციისთვის შეიარაღებული ძალების დონე საკმარისი არ არის. უკრაინელი გენერლის განცხადების საპირისპიროს ამტკიცებენ ოპოზიციურ პარტიებში.
მწარე, თუმცა რეალობაა სახელისუფლებო პარტიისთვის უკრაინელი დიპლომატისა და გენერლის აღიარება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დიდ პოლიტიკას კარგად გააზრებული ნაბიჯები სჭირდება და არა ავანტიურული სვლები. უკრაინის შემთხვევა კი ცრუ დაპირებების მაგალითია.
უკრაინელმა გენერალმა და ელჩმა დიდ ბრიტანეთში ნატოსთან დაკავშირებით განცხადება კიევში დიპლომატებთან შეხვედრის დროს გააკეთა, სადაც თქვა ისიც, რომ უკრაინა NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდება, ამიტომ ოფიციალურმა კიევმა უსაფრთხოების სხვა ალიანსების განვითარებაზე უნდა იზრუნოს.