06 ნოემბერი 2026,   13:42
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციის დატოვებას განიხილავს - bloomberg

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ტრამპის ადმინისტრაციის დატოვების საკითხს განიხილავს. ინფორმაციას bloomberg-ი აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების მიერ განცდილი მარცხის შემდეგ რუბიო საკუთარ სამომავლო ნაბიჯებზე ფიქრობს.

წყაროების ინფორმაციით, რუბიო და მისი მრჩევლები მისი მომავლის სხვადასხვა ვარიანტს განიხილავენ. თუმცა, მას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, დატოვოს თუ არა სახელმწიფო მდივნისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის თანამდებობები. შესაძლო გადადგომის კონკრეტული ვადაც განსაზღვრული არ არის.

გამოცემის ცნობით, რუბიო თეთრი სახლის წარმომადგენლებს თანამდებობიდან წასვლის შესაძლებლობაზე ესაუბრა, თუმცა მას დარჩენა სთხოვეს. ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუბიო გადადგომას განიხილავს, თეთრ სახლში და სახელმწიფო დეპარტამენტში კატეგორიულად უარყოფენ.

"ეს სრულიად და აბსოლუტურად ყალბი ინფორმაციაა, რომელიც ანონიმურ წყაროებს ეყრდნობა და ტაბლოიდს შეშვენის", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში მდივნის თანაშემწემ, დილან ჯონსონმა.

მისი თქმით, სახელმწიფო მდივანს თანამდებობის დატოვების საკითხი არ განუხილავს და ის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში კიდევ დიდხანს იმუშავებს.

"ეს ყალბი ამბავი სხვა არაფერია, თუ არა შეთხზული სიცრუე, რომელსაც ანონიმური წყაროები ყოველგვარი ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე ავრცელებენ", - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ბენი რეი ჰარმონიმ.

მისივე თქმით, "მდივანი რუბიო პრეზიდენტ ტრამპისა და MAGA-ს მოძრაობის უშიშარი მებრძოლია".

მინისტრთა კაბინეტის წევრებისა და მაღალი რანგის თანამდებობის პირების მიერ ადმინისტრაციის დატოვება უჩვეულო არ არის, როდესაც პრეზიდენტის მმართველობის პერიოდი დასასრულს უახლოვდება. მმართველი პარტიისთვის შუალედურ არჩევნებში განცდილი სერიოზული მარცხის შემდეგ ამის მოლოდინი არსებობს.

კონგრესში დემოკრატები თეთრი სახლის არაერთი ინიციატივის გამოძიებას გეგმავენ. მათ შორისაა კარიბის ზღვაში ნარკოტიკების გადაზიდვაში ეჭვმიტანილ გემებზე განხორციელებული დარტყმები, რომლებშიც რუბიოც მონაწილეობდა.

ფლორიდის ყოფილი სენატორი რუბიო დონალდ ტრამპის 2016 წლის რესპუბლიკური პრაიმერიზის მეტოქიდან მის ერთ-ერთ ყველაზე სანდო თანაშემწედ იქცა. რუბიო და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ხშირად სახელდებიან იმ შესაძლო კანდიდატებს შორის, რომლებსაც რესპუბლიკური პარტიის ლიდერობის გადაბარება და 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის ნომინაციის მოპოვება შეუძლიათ.

რუბიოსთან დაახლოებული რამდენიმე პირის თქმით, შესაძლოა მან ტრამპის მემკვიდრის გამოსავლენად რესპუბლიკურ პარტიაში მოსალოდნელ დაპირისპირებაში მონაწილეობაზე უარი თქვას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ვენსი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს.

ტრამპის ადმინისტრაციის სხვა წევრებისგან განსხვავებით, რუბიო ათწლეულების განმავლობაში სახელმწიფო სამსახურშია და მისი შემოსავლის ძირითადი წყარო სახელმწიფო ხელფასი იყო.

ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები