მთავრობამ პარლამენტში 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის კორექტირებული ვარიანტი დააბრუნა.
რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2027 წლისთვის 5%-ია, ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები გაზრდილია მილიარდ ლარზე მეტით. მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯი გაზრდილია 685 მილიონი ლარით. ინდექსაციის ფორმულის შესაბამისად, 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია იზრდება 60 ლარით და განისაზღვრება 555 ლარის ოდენობით.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი აღნიშნავს, ეკონომიკური ზრდა პირდაპირ ისახება იმ სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებში, რომლებსაც სახელმწიფო ახორციელებს.
"ეკონომიკური ზრდა პირდაპირ ისახება იმ სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებში, რომლებსაც სახელმწიფო ახორციელებს. კორექტირებული ბიუჯეტი, რა თქმა უნდა, გულისხმობს შემოსავლების მიხედვით, ბიუჯეტის მაქსიმალურად ადამიანებზე მორგებას და დაგეგმვას, შესაბამისად, ეს იქნება სხვადასხვა სოციალური დახმარება, პენსიები თუ ჯანდაცვის პროგრამები, ეს მაქსიმალურად არის გათვალისწინებული კორექტირებულ ვერსიაში. საკომიტეტო განხილვები, რა თქმა უნდა, გულისხმობს, რომ დეტალურად იყოს განხილული რა არის მთავრობის მხრიდან შემოთავაზებული, თუმცა ყველა პრიორიტეტი, რაც ჩვენს გაცხადებულ პოლიტიკაში არის, რა თქმა უნდა, ყოველ ჯერზე ისახება ბიუჯეტის პროექტში", - აცხადებს ნინო წილოსანი.