მმართველ გუნდში, საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს კიდევ ერთხელ ეხმაურებიან. ოფიციალური პარიზი ძალადობრივ ქმედებებს გმობს, თბილისში კი ევროპის ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ.
"ქართულ ოცნებაში" აინტერესებთ, მაშინ, როდესაც პარიზში მოლოტოვის სროლა მკვლელობის მცდელობად ფასდება, რატომ არ ჰქონდა ევროპას ანალოგიური მიდგომა თბილისში განვითარებულ მოვლენებზე და რატომ ახალისებდა ევროკავშირი "მოლოტოვის კოქტეილის" კამპანიას თბილისში.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის თქმით, იმ დროს, როდესაც პარიზში "მოლოტოვის კოქტეილის" სროლა მკვლელობის მცდელობად და მკაცრად დასასჯელ ქმედებად ფასდება, თბილისში მსგავსი ფაქტები თავის დროზე ევროპული კრიტიკის ობიექტი ხდებოდა.
"როდესაც ჩვენ ორმაგ სტანდარტზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ იმას, რომ რაც მათი ქვეყნისთვის არის მისაღები, ხოლო იგივე დაუშვებელია საქართველოს შემთხვევაში. "მოლოტოვის კოქტეილის" მაგალითიც რომ ავიღოთ, როდესაც ადამიანს იმეტებ დაწვისთვის და ეს მკვლელობის მცდელობა არის, ზუსტად ასე შეფასდა ეს საფრანგეთში, ჩვენ შემთხვევაში, ჩვენ გავხდით კრიტიკის და არაერთ ანგარიშში მოხვედრის ობიექტი.
თუმცა, ძალიან მარტივად იკითხება, რომ ეს ანგარიშები და ეს განცხადებები კეთდება იმისთვის, რომ მაგალითად, "ნაციონალური მოძრაობა" არ აიკრძალოს, მაგალითად, განთავისუფლდნენ ისეთი დამნაშავეები, როგორიც თავის დროზე იყო "მოლოტოვის კოქტეილის" მსროლელი, პოლიციელზე ხელის დამრტყმელი და სხვადასხვა. ჩვენ ადრეც გვახსენდება ეს ანგარიშები, თუნდაც ოჯახური ღირებულებების წინააღმდეგ როგორ კეთდებოდა. ზუსტად ამიტომ, ქართველ ხალხს გამოუმუშავდა ძალიან დიდი უარყოფითი დამოკიდებულება ამ ანგარიშების მიმართ, სადაც ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საფარქვეშ, რეალურად გვთხოვენ მათი აგენტურის გადარჩენას", - აცხადებს ნინო წილოსანი.