06 ნოემბერი 2026,   12:50
ვრცლად
მთავრობამ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტს მეორე მოსმენით განხილვისთვის წარუდგინა

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი მეორე მოსმენით განხილვისთვის წარუდგინა. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო აქვეყნებს.

დოკუმენტის მიხედვით:

რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2027 წლისთვის შეადგენს 5.0 პროცენტს, მომდევნო წლებში 5.2-5.3 პროცენტის ფარგლებში.

ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2027 წელს 8.9 პროცენტით იზრდება და 126.4 მილიარდ ლარს შეადგენს. შემდგომ წლებში ზრდის პროგნოზი, საშუალოდ, 8.5 პროცენტია და 2030 წლისთვის 161.0 მილიარდ ლარს აჭარბებს.

ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 2027 წლის ბოლოსთვის 12.0 ათას დოლარს, ხოლო 2030 წლისთვის 15.0 ათას დოლარს აჭარბებს.

ინფლაციის მაჩვენებელს მომდევნო წელს კლებადი ტენდენცია ექნება და წლის ბოლოსთვის მის მიზნობრივ მაჩვენებელს - 3.0 პროცენტს დაუბრუნდება.

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2027 წლისთვის 2.6 პროცენტს შეადგენს, ხოლო მომდევნო წლებში 3.7 პროცენტის ფარგლებშია;

ბიუჯეტის დეფიციტი 2027 წლისთვის დაგეგმილია მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5 პროცენტის დონეზე, ხოლო შემდგომ წლებში მცირედით კლებადი ტენდენცია აქვს და 2.2 პროცენტამდე მცირდება;

მთავრობის ვალის მაჩვენებელი 2027 წლისთვის 31.1 პროცენტის დონეზეა;

ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 2027 წლისთვის დაგეგმილია 29.9 მილიარდი ლარის ოდენობით, ხოლო 2030 წლისთვის 38.0 მილიარდ ლარამდე იზრდება.
ნაერთი ბიუჯეტის ჯამური შემოსულობები შეადგენს 38 მილიარდ 363 მილიონ ლარს, რაც 2026 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს 2 მილიარდ 370 მილიონი ლარით აღემატება.

ჯამური შემოსულობების 87 პროცენტზე მეტს შემოსავლები წარმოადგენს, რომლის მოცულობა 33 მილიარდ 565 მილიონ ლარს აჭარბებს და მიმდინარე წლის საპროგნოზო მოცულობასთან შედარებით, 1 მილიარდ 837 მილიონი ლარით მეტია.

საგადასახადო შემოსავლების მოცულობა 2027 წლისთვის განსაზღვრულია 29 მილიარდ 875 მილიონი ლარის ოდენობით, რაც მიმდინარე წლის საპროგნოზო მოცულობას 2 მილიარდ 25 მილიონი ლარით აჭარბებს, ხოლო პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 355 მილიონი ლარით;

მომდევნო წლის განმავლობაში პროგნოზირებულია ზედმეტად გადახდილი გადასახადების დაბრუნება, ჯამში, 3 მილიარდ 200 მილიონ ლარზე მეტი მოცულობით.
2027 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი დაგეგმილია 38 მილიარდ 243 მილიონი ლარის ოდენობით, რაც მიმდინარე წლის საპროგნოზო მოცულობას 2 მილიარდ 263 მილიონი ლარით აღემატება.

2027 წლის ჯამური გადასახდელებიდან 26 მილიარდ 216 მილიონი ლარი მიიმართება მიმდინარე ხარჯების (საპროცენტო ხარჯების გარდა) დაფინანსებაზე, რაც 2026 წლის საპროგნოზო მოცულობას 2 მილიარდი ლარით აღემატება.

მიმდინარე ხარჯები 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვისთვის ძირითადად გაზრდილია შემდეგი მიმართულებებით:

ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები გაზრდილია 1 მილიარდ ლარზე მეტით, მათ შორის:

მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯი გაზრდილია 685 მილიონი ლარით.

ინდექსაციის ფორმულის შესაბამისად 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია იზრდება 60 ლარის ოდენობით და განისაზღვრება 555 ლარის ოდენობით

70 წლამდე ბენეფიციარებისთვის, პროექტის წინა ვერსიით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად იზრდება 45 ლარით და 415 ლარს შეადგენს

მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის გათვალისწინებულია 20%-იანი დანამატები

70 წლამდე პენსიონერების პენსიის კანონით გათვალისწინებულ ინდექსაციასთან შედარებით, უფრო მაღალი ზრდის გათვალისწინებით, პროგრამის ბიუჯეტი დამატებით გაზრდილია 130 მილიონი ლარით;

ინდექსაციის და პენსიების ზრდის შესაბამისად იზრდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური გასაცემლები, რისთვისაც დამატებით გამოყოფილია 81 მილიონი ლარი (წინა ვერსიასთან შედარებით დამატებით გამოყოფილია 21 მილიონი ლარი);

ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება გაზრდილია 243 მილიონ ლარამდე (წინა ვერსიასთან შედარებით დამატებით გამოყოფილია 118 მილიონ ლარამდე), რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია სასწრაფო დახმარების პერსონალისა და სოფლის ექიმი/ექთნის ხელფასების ზრდა;

სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამა გაზრდილია 34 მილიონ ლარზე მეტით;

დაგროვებითი საპენსიო სქემის დაფინანსება გაზრდილია 60 მილიონი ლარით;
განათლების ხარჯები გაზრდილია 450 მილიონ ლარით, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია საჯარო სკოლების მასწავლებლების, მათი ადმინისტრაციული პერსონალისა და საბავშვო ბაღების ხელფასების ზრდა. ასევე, გათვალისწინებულია უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლების დაფინანსება;

საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, კერძო სექტორში ბოლო 4 კვარტალში გაზრდილი ხელფასების შესაბამისად, 8.4%-ით იზრდება საბაზო თანამდებობრივი სარგო. შრომის ანაზღაურების ფონდი იზრდება 468 მილიონი ლარით;

სპორტული ფედერაციების დაფინანსება გაზრდილია 70 მილიონი ლარით;

მომავალ წელს ნაერთი ბიუჯეტიდან კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად მიიმართება 8 მილიარდ 400 მილიონ ლარზე მეტი, რაც მიმდინარე წლის საპროგნოზო მაჩვენებელს, თითქმის, 1 მილიარდ 200 მილიონი ლარით აღემატება.

აღნიშნული თანხის ფარგლებში:

მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიიმართება 2 მილიარდ 800 მილიონ ლარზე მეტი;

საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გამოყოფილია 1 მილიარდ 382 მილიონ ლარამდე, მათ შორის, 773 მილიონი ლარია გათვალისწინებული ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობისთვის;

განათლების მიმართულებით კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად გათვალისწინებულია 830 მილიონი ლარი;

წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტებზე მიიმართება 350 მილიონი ლარი. გარდა ამისა, მიმდინარე წელს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას, დამატებით გამოეყოფა 280 მილიონი ლარი, რომლის ფარგლებშიც სამუშაოები განხორციელდება 2027 წლის განმავლობაში;

ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე გამოყოფილია 230 მილიონი ლარი, მათ შორის, გათვალისწინებულია ენერგიის დამაგროვებელი მოწყობილობების მშენებლობა. რეგიონებში გაზიფიცირების სამუშაოების განახლების მიზნით, მიმდინარე წელსვე გამოიყოფა 55 მილიონი ლარი, რომლის ფარგლებშიც სამუშაოები განხორციელდება 2027 წელს;

სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 310 მილიონი ლარი;

ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გამოყოფილია 100 მილიონი ლარი. ამასთან, მთის კურორტების განვითარების მიზნით, 2027 წელს განსახორციელებელი სამუშაოებისთვის მიმდინარე წელს გამოიყოფა 80 მილიონ ლარზე მეტი;

იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა განსახლების პროექტების დაფინანსებაზე გამოყოფილია 408 მილიონი ლარი, რაც ბიუჯეტის წინა პროექტთან შედარებით გაზრდილია 140 მილიონი ლარით.

დამატებითი თანხების გამოყოფა დაკავშირებულია ახალ სამთავრობო ინიციატივასთან, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების საკომპენსაციო თანხების ანაზღაურება. აღნიშნული მიმართულებით მიმდინარე წელს მიიმართება 100 მილიონ ლარზე მეტი;

ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად გათვალისწინებულია 142.5 მილიონი ლარი;

სამელიორაციო სისტემების მოდერნიზების პროექტებზე 2027 წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 85 მილიონი ლარი, ხოლო მიმდინარე წელს დამატებით გამოეყოფა 70 მილიონი ლარი;

მყარი ნარჩენების პროექტების განსახორციელებლად მომდევნო წელს, ჯამში, მიიმართება 110 მილიონ ლარზე მეტი;

პოლიციის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიმართულებით დაგეგმილი კაპიტალური ხარჯები შეადგენს 882 მილიონ ლარს;

საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობის ზრდის მიზნით მიიმართება 250 მილიონი ლარი;

თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტის დაფინანსება შეადგენს 125 მილიონ ლარს;

სოფლების ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მშენებლობაზე მიიმართება 107 მილიონი ლარი;

სხვა დანარჩენი კაპიტალური ხარჯები ჯამში შეადგენს 303 მილიონ ლარს.
2027 წლის პროექტის გადამუშავებული ვერსიის განხილვა საბიუჯეტო პროცესის თანახმად, კვლავ გაგრძელდება პარლამენტში, სადაც მოხდება გამოთქმული წინადადებებისა, თუ მოსაზრებების ასახვა, ხოლო დეკემბერში საბოლოო ვერსიის მიღება.

დღის ამბები