05 აგვისტო 2026,   03:00
ვრცლად
დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" - ერთი დღე ყრილობამდე და სრული ქაოსი პარტიაში, რომელსაც რუსთავის ციხიდან სააკაშვილი ხელმძღვანელობს

მოქმედი თავმჯდომარის დასწრების საკითხი ყრილობამდე ერთი დღით ადრეც ბუნდოვანია. "ნაციონალების" წარმოდგენით, ხვალ თინა ბოკუჩავა დარბაზში უნდა იყოს, მაგრამ 396 სკამიდან ერთი, დიდი ალბათობით, ისევ ცარიელი აღმოჩნდება. მიზეზი ბოიკოტია და მიმავალი თავმჯდომარის მთავარი მოთხოვნა - გაფართოებულ შეკრებამდე მიეღო პოლიტსაბჭოს სხდომის ოქმი, რომელიც საჯაროდ არალეგიტიმურად გამოაცხადა. სააკაშვილის ბანაკში დარჩენილებისთვის არალეგიტიმური თავად ბოკუჩავას სურვილებია.

მერამდენედ დაინტერესდა პარტიული სხდომის ოქმით, მოქმედ თავმჯდომარეს არ უხსენებია. სამაგიეროდ, ბევრჯერ ახსენა არალეგიტიმური და არაუფლებამოსილი შეკრება, სადაც ხელმოწერები გაყალბდა - დოკუმენტები კი მიხეილ სააკაშვილის ბრძანებითა და პეტრე ცისკარიშვილის ხელით გადაიმალა.

პოლიტიკური საქმის გარჩევის ფორმა და ტონი ვადაზე ადრე გაშვებულ თავმჯდომარეს ლიდერმა დღეს საჯაროდ დაუწუნა. რუსთავის ციხიდან მორიგ წერილში მოიწერა, რომ ტელევიზიებსა და სოციალურ ქსელებში ურთიერთობის გარკვევა მიუღებელია. ეს მაშინ, როდესაც თავად მსჯავრდებული პარტიულ დღის წესრიგს, მის კიბერანალოგს თუ ფანტაზიის ნაყოფს სწორედ სოციალური ქსელით ქმნის. კრიტიკასთან ერთად, წერილის პირველ ნაწილში ისაუბრა პარტიის მმართველობითი საბჭოს შექმნასა და ე.წ. ბორდზეც, რომელსაც სააკაშვილი მის ახალ ფავორიტთან ერთად უხელმძღვანელებს.

სოციალური ქსელი პირველად სწორედ მსჯავრდებულმა სააკაშვილმა გამოიყენა ყოფილი ნაციონალების წინააღმდეგ ე.წ. ალიანსზე თავდასხმისთვის. ხან სამიზნეარეულებს ეძახდა, ხან უმოქმედოებსა და თბილ სტუდიებში მოსიარულე თავებს, ხანაც - კომპასდაკარგულებს. სწორედ ამიტომ ადანაშაულებენ დღემდე ყოფილი თანაგუნდელები გაერთიანების დაშლაში.

უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ რეალურად ეს არის ოპოზიციის ბრძოლა შიდა გავლენებისთვის - უცხოელი დონორების თვალში უპირატესობის მოსაპოვებლად. "ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ სწორედ ამ მცდარი და ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯებით იქცა "ნაციონალური მოძრაობა", დანაყოფებთან ერთად, წარსულის პარტიად.

სერიოზული პრობლემები აქვს პარტიას, რომელიც ხვალ ყრილობას, სავარაუდოდ, თავმჯდომარის გარეშე ან თავმჯდომარითა და მისი პოლიტიკური აჯანყების პირობებში ჩაატარებს. რეალისტურია სცენარიც, რომ თინა ბოკუჩავამ "ნაციონალებთან" პოლიტიკური განქორწინება სწორედ ხვალ გააფორმოს და საბოლოო გამიჯვნის შესახებ გადაწყვეტილება ოფიციალურადაც დაადასტუროს.

დღის ამბები