"ქართული ოცნებისგან" განსხვავებით, რუსეთის სხვა ქვეყანაში შეჭრას მნიშვნელობა ჰქონდა "ნაციონალური მოძრაობისთვის". ყოფილმა მმართველმა პარტიამ და მათმა მოკავშირეებმა სწორედ 2022 წლიდან დაიწყეს აქტიურად მტკიცება, რომ რუსეთი ომის დამნაშავეა. მანამდე კი იყო 2008 წლის აგვისტო - ომი საკუთარ ქვეყანაში - თავისი შედეგებითა და ოკუპირებული ტერიტორიებით. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ანტირუსული განწყობები, ლოგიკურად, მათ ოპონენტებს 18 წლის წინ უნდა გასჩენოდათ, და არა უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ. თუმცა არ უკვირთ, რომ "ნაცმოძრაობამ" პოზიციები გეოპოლიტიკური ძალების ინტერესების შესაბამისად შეცვალა.
რატომ გახდა რუსეთი ომის დამნაშავე უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო და არა აგვისტოს ომის შემდეგ? - წლებია, კითხვა არსებობს და წლებია, პასუხს არ სცემს "ნაციონალური მოძრაობა". სააკაშვილის პარტიის წარმომადგენლებთან სატელეფონო კომუნიკაციის არაერთი მცდელობა დღესაც უშედეგო აღმოჩნდა.
ერთადერთი, ვინც დღეს შეკითხვებს ვერ გაექცა, ირაკლი ფავლენიშვილი იყო. "ნაცმოძრაობის" წევრმა მედიასთან ჯერ სააკაშვილისგან გამიჯვნა სცადა, მოგვიანებით კი ღიად თქვა, რომ რუსეთთან მიმართებით მაშინდელი ხელისუფლების ლოიალური პოლიტიკა ევროპაში არსებული ძალების განწყობებმა განაპირობა.
აღიარება, რომ რუსეთის ფაქტორს ოპოზიცია გარე ძალების ინტერესების შესაბამისად იყენებს - ასეთია მმართველი პარტიის შეფასება. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" შეცვლილი რიტორიკა ადასტურებს, რამდენად ზედმიწევნით ასრულებენ მათი ოპონენტები გარე ინსტრუქციებს და რამდენად არ აღელვებთ მათ საკუთარი ქვეყანა.
უმრავლესობის განცხადებების შემდეგ, უპასუხოდ დარჩენილი კითხვების ფონზე, ოპოზიციამ დღეს ერთადერთ სიტყვაზე აპელირება სცადა. სოციალურ ქსელში ჯერ ზაზა ბიბილაშვილმა დაწერა, რომ ტერმინ რუსოფობიას მხოლოდ კრემლი იყენებს. მოგვიანებით კი ანალოგიური შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა ნიკა გვარამიამაც. თუმცა "ნაცმოძრაობის" ყოფილ იდეოლოგს სოცქსელშივე მიუთითეს წარსულზე. მოქალაქეებმა კომენტარებში არაერთი კითხვა შეუბრუნეს ოკუპანტისთვის გადაცემულ სტრატეგიულ ობიექტებსა და რუსეთთან "ნაცმოძრაობის" დათბობის პოლიტიკაზე.
ამ შინაარსის პასუხი ბევრისგან მიიღო, რის შემდეგაც გვარამიას მორიგი სტატუსის გავრცელებაც მოუხდა - თავის მართლების მიზნით, რაც, "ქართული ოცნების" თქმით, მათი ოპონენტების უსუსური მცდელობაა.
უმრავლესობაში დღეს გაიხსენეს ისიც, რომ აგვისტოს ომიდან მალევე, ევროსაბჭოს რეზოლუციის ხელმოწერით, "ნაციონალურმა მოძრაობამ", რუსეთის ნაცვლად, ომის დანაშაული სწორედ ქართველ სამხედროებს დააბრალა, როდესაც ისინი ომის დაწყებაში დაადანაშაულა.