05 აგვისტო 2026,   18:43
ვრცლად
რუსეთთან ურთიერთობის პოლიტიკა - რატომ არ იყო რუსული ფული საქართველოში პრობლემა მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდისთვის?

პუტინის გულის მოგებას მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულებიდან მალევე, ჯერ ლარსის გამშვებ პუნქტთან რუსი ტურისტების დახვედრით ცდილობდა, შემდეგ - რუსეთის დროშიან ტურისტთან პოზიორობით, მოგვიანებით კი, პუტინს ტელეკამერების წინ აქებდა. აჭარის შემდეგ, სააკაშვილმა პუტინის გულის მოგება უკვე საერთაშორისო ტრიბუნიდან სცადა.

ეს მცირე ჩამონათვალია ექს-პრეზიდენტის იმ განცხადებებისა, რომლითაც სააკაშვილი რუსეთთან დაახლოებას ცდილობდა. "ქართული ოცნების" წევრებმა კი განცხადებების მიღმა მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის არაერთი ქმედება და გადაწყვეტილებაც გაიხსენეს.

სააკაშვილმა რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის მცდელობები არც მოგვიანებით შეწყვიტა და, აგვისტოს ომის დასრულებიდან ორ წელიწადში, უვიზო მიმოსვლა ჯერ ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის შემოიღო, შემდეგ კი სავიზო რეჟიმი, ცალმხრივად, საერთოდ გააუქმა.

პუტინის გულის მოგება სავიზო რეჟიმის ცალმხრივად შეჩერებით არ დასრულებულა. არქივი ინახავს იმ მასალასაც, თუ როგორ გადაუფორმა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებამ სტრატეგიული ობიექტები რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ კომპანიებს, რასაც მისი თანაგუნდელები აღფრთოვანებით ხვდებოდნენ.

საკუთარი განცხადება ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია ამტკიცებს, რომ რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგეა, დღეს ლევან მაჭავარიანმა შეახსენა.

რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ნორმალიზებასა და განვითარებას მხარს ელენე ხოშტარია მაშინ უჭერდა, როცა მას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი ეკავა. თავის პოზიციას, არც სხვადასხვა მედიაში სტუმრობისას მალავდა და, აწმყოსგან განსხვავებით, წარსულში ღიად ამბობდა, რომ რუსეთთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი იყო.

რუსულ კაპიტალს აღფრთოვანებით ხვდებოდა ვანო მერაბიშვილიც. მეტი დამაჯერებლობისთვის კი ამტკიცებდა, რომ ფულს სუნი არ აქვს და ამიტომ რუსული კომპანიების საქართველოში შემოსვლა მნიშვნელოვანი იყო.

რატომ არ იყო რუსული ფული საქართველოში პრობლემა მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდისთვის? - პასუხი მარტივია "ქართული ოცნებისთვის." სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ მათ ოპონენტებს სამშობლო არ უყვართ და ეს ნათლად ჩანდა მათი მმართველობის პერიოდშიც.

სააკაშვილის გუნდს რუსეთთან თანამშრომლობა ყველა მიმართულებით რომ სურდა, ამაზე მისი თანაგუნდელები და მხარდამჭერები ღიად საუბრობდნენ. ახლა თავს რუსეთის კრიტიკოსებად წარმოაჩენენ, თუმცა არქივი სხვა რამეზე მეტყველებს.

"ნაციონალური მოძრაობის" ძველი მხარდამჭერი და ახლა უკვე პოტენციური თავმჯდომარე ნანუკა ჟორჟოლიანი კი ხშირად აღნიშნავდა, რომ აღფრთოვანებული იყო რუსული შოუბიზნესით.

საქართველოს უახლესი ისტორია, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სააკაშვილისა და მისი გუნდის არაერთ მსგავს ქმედებას, განცხადებასა თუ გადაწყვეტილებას ინახავს. სწორედ ამიტომ მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ახლა მათი მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაც ისეთივე ფარისევლობაა, როგორც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში დაშვებული შეცდომების აღიარება.

მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის პოლიტიკური განცხადებები, რომლითაც მოსახლეობას რუსეთთან ურთიერთობის აუცილებლობაში არწმუნებდნენ, წლებთან ერთად შეიცვალა. ახლა რუსეთის კრიტიკოსებად თავს სწორედ ის ადამიანები წარმოაჩენენ, რომელთა პოლიტიკური ბიოგრაფიაც სულ სხვა ფაქტებს ინახავს.

დღის ამბები