ფერმერები ხეხილს აგროქიმიკატებით წელიწადში რამდენიმეჯერ ამუშავებენ. ყოველ სეზონზე გაღებული ხარჯი ხშირად ასობით ლარს აჭარბებს. სწორედ ამიტომ, კახეთში ამბობენ რომ ფასების მცირედით კლებაც კი მათთვის მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, პესტიციდების და აგროქიმიკატების ფასების შესწავლა უკვე დაწყებულია. სპეციალისტები ერთის მხრივ ფასების ზრდის გამომწვევ მიზეზებს იკვლევენ, მეორეს მხრივ კი მუშაობენ მექანიზმზე, რომელიც მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ ინტერესებს დაიცავს. რეფორმის მიზანია სოფლის მეურნეობის პროდუქციის თვითღირებულების შემცირება, სასურსათო პროდუქტების გაიაფება და ფერმერთა კონკურენტუნარიანობის გაზრდა. პროცესის დაწყებას წინ უძღოდა კონსულტაციები დარგის ექსპერტებთან და ფერმერებთან.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ბაზრებზე 3000-მდე სახეობის პესტიციდი და აგრო საშუალებაა წარმოდგენილი. აქტიურია იმპორტი - ქვეყანაში ძირითადად მსოფლიოს წამყვანი კომპანიების პროდუქცია, მათ შორის ევროპიდან და შეერთებული შტატებიდან შემოდის. ადგილობრივი წარმოება კი ბაზრის მხოლოდ 2%-ს შეადგენს. ინიციატივას უკვე გამოეხმაურნენ ბიზნეს ოპერატორები - ნაწილი მათგანი ფასების შემცირების რესურს უკვე ხედავს.
პარალელურად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პესტიციდების მდგრადი გამოყენების გეგმაზე მუშაობს. ფერმერებს მიეწოდებათ ზუსტი ინფორმაცია ქიმიკატების უსაფრთხოდ და რეკომენდებული დოზით გამოყენების შესახებ. უწყება აუმჯობესებს საკონსულტაციო მომსახურების ხარისხს და მკაცრდება კონტროლ პირველადი წარმოების ეტაპზე.
დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ ხარისხიანი პესტიციდები და მათი სწორი მოხმარება არა მხოლოდ მოსავლის რაოდენობას, არამედ პროდუქტის უსაფრთხოებას განსაზღვრავს. აგროქიმიკატების ფასების რეგულირება კი მხოლოდ ერთი ნაწილია იმ პროცესის, რომელიც მთავრობამ წამოიწყო. პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით ფასების სიღრმისეული შესწავლა დაწყებულია სურსათის, მედიკამენტებსა და საწვავის მიმართულებით.
ავტორი: ირაკლი კოშაძე.