08 აგვისტო 2026,   17:13
ვრცლად
ვწუხვარ ამ გაუგებრობისთვის და ბუნებრივია, ყველა პატიოსან ვეტერანს ბოდიშს ვუხდი, თუ ჩემმა ნათქვამმა მათ უნებლიეთ გული ატკინა - გიორგი ბარამიძე

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, გია ბარამიძე აფხაზეთის ომის ვეტერანებს ბოდიშს უხდის. მისი განმარტებით, ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას მიუღებელი ინტერპრეტაცია მიეცა და აღიარებს, რომ ომის პროცესის აღსაწერად სხვა სიტყვის გამოყენება სჯობდა.

"ინტერვიუში ჩემს ნათქვამს სრულიად სხვა და მიუღებელი ინტერპრეტაცია მიეცა და ბევრი პატიოსანი ადამიანი დაიბნა, ან გაბრაზდა კიდეც. შევეცადე კიდევ ერთხელ უფრო დაწვრილებით მომეყოლა, რა ხდებოდა ომის დაწყების პირველ პერიოდში, ტყვეთა გაცვლის კუთხით. ვწუხვარ ამ გაუგებრობისთვის და ბუნებრივია, ყველა პატიოსან (არაქოც) ვეტერანს ბოდიშს ვუხდი, თუ ჩემმა ნათქვამმა მათ უნებლიეთ გული ატკინა. კარგად მესმის და ვაღიარებ, რომ სჯობდა ომის პროცესის აღსაწერად სხვა სიტყვა გამომეყენებინა, რათა რუსული პროპაგანდისთვის ამგვარი საკვები არ მიმეცა," - აცხადებს გიორგი ბარამიძე.

ცნობისთვის, გია ბარამიძემ ერთ-ერთ პოდკასტში სტუმრობისას განაცხადა, რომ აფხაზეთის ომში ქართული მხარე სამხედრო ტყვეებს ხვრეტდა, რასაც საზოგადოებისა და ვეტერანების მწვავე პროტესტი მოჰყვა. მოგვიანებით მან დააზუსტა, რომ ომის საწყის ეტაპზე ტყვეებს არა ქართული ჯარი, არამედ ოჯახის წევრების დაკარგვით გამწარებული ხალხი ხოცავდა. აღნიშნულ განცხადებებს მმართველ გუნდსა და ვეტერანთა ორგანიზაციებში ქართული ჯარის მიზანმიმართულ დისკრედიტაციად აფასებენ. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ ფაქტზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით დაიწყო.

დღის ამბები