საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე წვდომა მოიპოვა.
ჩინეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე დაშვების შესახებ შეთანხმება, საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაციის ჩინეთში ოფიციალური ვიზიტისას, ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში შედგა.
"ჩინეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარი არის ძალიან მიმზიდველი. ის არის უზარმაზარი თავისი ლიკვიდობით, არის შედარებით სტაბილური ბაზარი, მას გააჩნია თავისი განსხვავებული დინამიკა. ხოლო, ჩვენთვის, ცენტრალური ბანკისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საერთაშორისო რეზერვები იყოს განთავსებული დივერსიფიცირებულად, ანუ გეოგრაფიულად გავზარდოთ ჩვენი არეალი. წვდომა გვქონდეს არამხოლოდ ტრადიციულ, დასავლურ ფასიანი ქაღალდების ბაზარზე, არამედ ჩინეთის და ზოგადად აზიური კაპიტალის ბაზრებზე. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ საბოლოოდ მოვიპოვეთ წვდომა ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე და პრაქტიკულად, უახლოეს პერიოდში დავიწყებთ ინვესტირებას,"- აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა.