რა ფაქტორები განაპირობებს ქვეყანაში სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის არსებულ ფასებს და როგორ არის შესაძლებელი მისი დაწევა - საკითხის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია მომავალი კვირიდან აქტიურ მუშაობას იწყებს.
კომისიამ გუშინ პირველი, საორგანიზაციო ხასიათის სხდომა გამართა. 14 წევრისგან შემდგარ კომისიაში სამი წევრით იმუშავებს ფრაქცია "საქართველოსთვის". კომისია მომავალი კვირიდან ფასებზე დაკვირვების მიზნით სექტორის წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში მიიწვევს.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, რიმა ბერაძის განცხადებით, გარკვეულ პროდუქტზე ფასების დარეგულირება უახლოს პერიოდში მოხდება.
"როდესაც ქვეყანაში არის ეკონომიკური ზრდა, ეს ზრდა უნდა აისახებოდეს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე. ამ ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ დაარეგულიროს ფასები პროდუქტებზე, წამლებზე და საწვავზე.
კომისია იმსჯელებს ყველა საკითხთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ის, რომ უახლოეს პერიოდში, ყველაზე მნიშვნელოვან პროდუქტებზე, რომელიც ჭირდება მოსახლეობას, მაქსიმალურად იქნას ფასები დაწეული", - განაცხადა რიმა ბერაძემ.