ფასების დარეგულირების საკითხზე მსჯელობა დღეიდან პარლამენტში იწყება. საკითხის შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნის საკითხი რამდენიმე საათში ბიუროზე დარეგისტრირდება. დამტკიცდება კომისიის შემადგენლობაც. მიმდინარე კვირასვე უნდა შედგეს კომისიის პირველი სხდომა. განხილვებში აქტიურად ჩართვას აპირებს საპარლამენტო ოპოზიცია.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, მათი პოლიტიკური ძალა ყველაფერს იზამს იმისთვის, რომ სურსათზე ფასები დარეგულირდეს.
რიმა ბერაძის თქმით, მმართველი გუნდი ეცდება პროცესი აპრილამდე დაასრულოს.
"კომისია მიმდინარე კვირაში დაიწყებს მუშაობას და მაქსიმალურად შეეცდება, მოხდეს ფასების დარეგულირება. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა არის ხელშესახები, ეს ეკონომიკური ზრდა მაქსიმალურად უნდა იყოს ასახული თითოეული მოქალაქისა და ოჯახის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. აქედან გამომდინარე, საპარლამენტო კომისია, სამთავრობო კომისიასთან ერთად, შეეცდება დაარეგულიროს ქვეყანაში ფასები, ყველა მიმართულებით. ვცდილობთ, ეს ღონისძიება აპრილამდე იყოს გატარებული", - განაცხადა რიმა ბერაძემ.