08 აგვისტო 2026,   18:21
ვრცლად
სტილისა და ელეგანტურობის ოსტატი, იტალიური მაღალი მოდის მარადიული სიმბოლო — ლეგენდარული ვალენტინო გარავანი გარდაიცვალა

სტილისა და ელეგანტურობის ოსტატი, იტალიური მაღალი მოდის მარადიული სიმბოლო — ლეგენდარული ვალენტინო გარავანი, რომელმაც მოდის ისტორია სამუდამოდ შეცვალა და საკულტო წითელი კაბა მსოფლიოს ყველაზე თვალსაჩინო სცენების მთავარ გმირად აქცია. მისი გარდაცვალებით, ეპოქა დასრულდა, თუმცა დარჩა შემოქმედება, რომელიც მოდიდან არასოდეს გადავა.

ჯორჯო არმანისა და კარლ ლაგერფელდთან ერთად, ვალენტინო გარავანი ძველი თაობის ერთ-ერთ ბოლო დიზაინერად მიიჩნევა. მან უდიდესი წვლილი შეიტანა მაღალი მოდისა და კომერციული ინდუსტრიის ჩამოყალიბებაში.

1932 წლის 11 მაისს იტალიის ქალაქ ვოგერაში დაბადებული ბიჭი სილამაზის ინდუსტრიაში მოხვედრაზე ოცნებობდა. სწავლობდა მილანში და წლების განმავლობაში მუშაობდა პარიზის მოდის სახლებში. 1959 წელს კი რომში საკუთარი მოდის სახლი — "ვალენტინო" — დააარსა.

პირველი კოლექციისთვის ვალენტინომ მკვეთრი წითელი ფერის კაბა შექმნა, რომელსაც Fiesta უწოდა. კაბამ მოდის მოყვარულების განსაკუთრებული ყურადღება მალევე დაიმსახურა. ფერი, რომელიც სამყაროში მანამდეც არსებობდა, გაცილებით პოპულარული გახდა, ვიდრე თავად წარმოედგინა. დიზაინერი ამბობდა, რომ ქალი წითელში ყოველთვის გამორჩეული და შესანიშნავია.

"ვალენტინოს წითელი" იმდენად ცნობილი გახდა, რომ დიზაინერმა მოგვიანებით წითელი ფერის საფირმო ტონი დააპატენტა. მსოფლიო პრესა მას მაღალი მოდის იმპერატორსა და საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს დიზაინერს უწოდებდა.

მისი პირველი მომხმარებელი ელიზაბეტ ტეილორი იყო.

როდესაც ჟაკლინ კენედი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი გახდა, მას ვალენტინო გარავანის დახვეწილი კაბა ემოსა.

მოდის ინდუსტრიაში რთულია ისეთი სუპერმოდელის ნახვა, რომელსაც ჩვენებებზე ვალენტინოს წითელი კაბა არ წარუდგენია. დიზაინერის შემოქმედებას არაერთხელ დაუმშვენებია ჰოლივუდის წითელი ხალიჩა — სხვადასხვა დროს მის სამოსს პენელოპე კრუსი, სკარლეტ იოჰანსონი, ენ ჰეთეუეი, ჯენიფერ ენისტონი, ნიკოლ კიდმანი და სხვა არტისტები ატარებდნენ.

ვალენტინო არაერთი ჯილდოს მფლობელია; მათ შორის, 2006 წელს, საფრანგეთის ერთ-ერთი უმაღლესი სამოქალაქო წოდება მიენიჭა.

2008 წელს დიზაინერმა, 75 წლის ასაკში, 45-წლიანი კარიერა დაასრულა. გამოსამშვიდობებელ ჩვენებაში სწორედ მისი საყვარელი წითელი ფერი დომინირებდა, რამაც კიდევ ერთხელ დაარწმუნა ყველა, რომ ვალენტინოს მთავარი ინსპირაცია სწორედ ამ ფერიდან მოდიოდა.

ვალენტინო გარავანი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა, მის მიერ შექმნილი მოდის სახლი კი დღესაც აგრძელებს მის გამორჩეულ და ბრწყინვალე ისტორიას.

დღის ამბები