გაზრდილი ცნობადობა და რეგიონული იდენტობა - ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პროექტის "მზისკარი" შედეგები შეაჯამა. პლატფორმა, რომელიც ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნების, მასპინძლობის ტრადიციების და საუკუნოვანი კულტურის აღმოსაჩენად შეიქმნა, ტურისტებისთვის მნიშვნელოვან გასტრონომიულ გზამკვლევად იქცა.
მაღალმთიანი ზონებიდან შავი ზღვისპირეთამდე - "მზისკარი" ქვეყნის მასშტაბით არაერთ საოჯახო სამასპინძლო ობიექტს აერთიანებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წევრებს მომსახურების ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდაში ეხმარება. შედეგი სახეზეა - მომზადებულმა სარეკლამო ფოტო-ვიდეო მასალამ ციფრულ პლატფორმებზე მილიონობით ნახვა უკვე დააგროვა. გასტრონომიული სივრცეების პოპულარიზაცია აქტიურად მიმდინარეობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზე.
მხოლოდ ცნობადობა საკმარისი არ არის, მთავარი აქცენტი ხარისხზე კეთდება. პროექტის ფარგლებში, მონაწილეებს საერთაშორისო სტანდარტების დასანერგად ტრენინგები ჩაუტარდათ. ეს კი სტუმრისთვის უსაფრთხო, ხარისხიან და ავთენტურ მომსახურებას ნიშნავს. გარდა ამისა, თითოეულ მასპინძელს ბრენდირებული მანიშნებელიც გადაეცა, რაც ობიექტის მიგნებას აადვილებს.
"მზისკარის" წევრები მნიშვნელოვანი ფინანსური შეღავათებითაც სარგებლობენ. მათთვის ხელმისაწვდომია "აწარმოე საქართველოში" პროგრამის სპეციალური პირობები, რაც სესხის საპროცენტო განაკვეთის სრულ სუბსიდირებას და 25%-იან ქეშბექს გულისხმობს. ეს მეწარმეებისთვის ფინანსურ რისკებს ამცირებს და სერვისის განვითარებისთვის დამატებით შესაძლებლობას აძლევს.
კახური, მეგრული, აფხაზური - უნიკალური ქართული გემოებისა და ტრადიციების გასაცნობად ოჯახური სამასპინძლო სივრცეები ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად იქმნება.
ტკბილი გემოებიდან ცხარე კერძებამდე და ადგილობრივი წარმოების ღვინის აღმოჩენამდე - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პროექტს აქტიურად განაგრძობს. მიზანი - ქართული ავთენტური გასტრონომიული ქსელის უფრო გაძლიერება, რეგიონებში მეტი ეკონომიკური სარგებლის მიღება და ქართული კულტურის პოპულარიზაციაა.
ავტორი: ირაკლი კოშაძე