არც დე-იურე, არც დე-ფაქტო - უკრაინის პრეზიდენტი დონბასს რუსეთის ნაწილად არ აღიარებს. ბერლინში, აშშ-ის წარმომადგენლებსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გამართული მოლაპარაკებების ორი რაუნდის შედეგები ასე გამოიყურება - უკრაინის მიერ დონბასის დათმობა ის ძირითადი საკითხია, რომელზეც კონსენსუსი არ არის.
ტერიტორიებთან დაკავშირებით არსებული განსხვავებული პოზიციები არ მოსწონს მთავარ მედიატორს - დონალდ ტრამპი ზელენსკის ახსენებს, რომ NATO-ს მე-5 პუნქტის მსგავსი უსაფრთხოების გეგმა მაგიდაზე დიდხანს არ დარჩება. შტატების 47-ე პრეზიდენტმა უკრაინაში ომის დასრულების მიზნით სატელეფონო საუბარი პუტინთანაც გამართა.
რუსეთი კი ამტკიცებს, რომ მშვიდობა სურს და არა ზავი. კრემლის პრესმდივანი ბერლინში მიმდინარე მოვლენებს მოსკოვიდან გამოეხმაურა და თქვა, რომ რუსეთს უკრაინისთვის NATO-ს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთავაზებების ტექსტი ჯერ არ უნახავს, მედიაში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებზე რეაგირებას კი არ აპირებს.
ევროპას კი, კრემლის არ სჯერა და დახმარების ხელს ისევ ზელენსკის უწვდის - კიევის მოკავშირეებმა დოკუმენტიც მიიღეს, რომელიც ომის დასრულების შემდეგ, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას და ქვეყნის აღდგენას ითვალისწინებს.
წამმზომი ჩართულია და შტატების პრეზიდენტის მიერ რუსეთისა და უკრაინისთვის სამშვიდობო გეგმაზე დათანხმების დრო იწურება. და სანამ ზელენსკი და პუტინი ისევ ფიქრობენ, უკრაინაში ომის 1 392-ე დღე მთავრდება.